თურქეთში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
23 დეკემბერს, თურქეთში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავასა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, იავუზ სელიმ ქირანის მონაწილეობით, გაიმართა ორი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებული თურქული საფოსტო მარკის წარდგენის ცერემონია.
ცერემონიაზე, სიტყვით გამოსვლისას, როგორც საქართველოს ელჩმა, ასე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვეს სტრატეგიულ პარტნიორებს – საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მჭიდრო კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. აგრეთვე, კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა, მრავალი მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩოს ინიციატივით, თურქული მხარის მიერ, საფოსტო მარკის გამოცემის იდეა გაჟღერებულ იქნა 2021 წლის 3 მარტს, საქართველოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მის თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართულ შეხვედრაზე. ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებებისა და ექსპერტების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, შემუშავდა მარკის საერთო დიზაინი, რომელშიც ასახულ იქნა როგორც ისტორიული, ისე თანამედროვეობის ასპექტებიც.
საგულისხმოა, რომ 2021 საიუბილეო წლის განმავლობაში, ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციავიტით, აგრეთვე, ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობითა და კოორდინირებით, განხორციელდა და დაიგეგმა სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება. თავდაპირველად, 2021 წლის 8 თებერვალს, ქართულ და თურქულ პრესაში გამოქვეყნდა ელჩის, გიორგი ჯანჯღავას სტატია, რომელშიც მიმოხილული იყო საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების განვითარების, პირველი საელჩოების დაარსებისა და სიმონ მდივანის ხელმძღვანელობით, ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიის მიერ განხორციელებული საქმიანობის ძირითადი ასპექტები. პარალელურად, ელჩის უშუალო ჩართულობითა და ხელშეწყობით, თურქი კინო-დოკუმენტალისტებისა და ისტორიკოსების ჯგუფი მუშაობს ანკარაში პირველი უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობების შესახებ დოკუმენტურ ფილმსა და წიგნზე, რომლებსაც უახლოეს მომავალში გაეცნობა ფართო საზოგადოება.