Expo 2020 Dubai ქართველ დიდოსტატ მოჭადრაკეებს მასპინძლობს
საქართველო, მსოფლიოს 191 ქვეყანასთან ერთად, წლის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai-ში მონაწილეობს, რომლის ფარგლებში დღეს ჭადრაკის დღე აღინიშნება. Expo 2020 Dubai ქართველ დიდოსტატ მოჭადრაკეებს – ნონა გაფრინდაშვილს, ნანა იოსელიანს და სოფიო გვეტაძეს მასპინძლობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა „ექსპოს“ ფარგლებში – ჩვენთან ერთად, დუბაიში იმყოფება საქართველოს სამი დიდოსტატი და, რა თქმა უნდა, ყოველი ასეთი აქტივობა, ასეთი ღონისძიება ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განვითარების მაღალ ტემპს, ხელს უწყობს ცნობადობის ამაღლებას, რაც, საბოლოო ჯამში აისახება საქართველოს სწორ პოზიციონირებაზე და ბუნებრივია, დადებითად იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სწრაფ აღდგენაზე“,- განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.
ჭადრაკის დღე „Expo 2020 Dubai“ პანელური დისკუსით გაიხსნა, სადაც ქართველი დიდოსტატებმა ქალთა როლის გაძლიერებაში მათ მიერ შეტანილ წვლილსა და მიღწევებზე ისაუბრებეს.
ჭადრაკის დღის ფარგლებში, დაგეგმილია მეგობრული მატჩი ქართველ დიდოსტატებსა და დუბაის კულტურისა და ჭადრაკის კლუბის წევრებს შორის. საღამო თეატრალიზირებული შოუთი დასრულდება, სადაც „Expo 2020 Dubai“-ის ცენტრალური სცენა „AL Wasl“ საჭადრაკო დაფად გარდაიქმნება და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა, ნონა გაფრინდაშვილი მორიგი ტრიუმფით წარდგება.აღსანიშნავია, რომ ქართველ ქალ დიდოსტატთა ღონისძიებას ათასობით სტუმართან ერთად ფიდეს პრეზიდენტი ესწრება.