ალექსანდრე მიქაბერიძე სამხედრო ისტორიაში გილდერ ლერმანის ჯილდოს მფლობელი გახდა

ისტორიკოსი ალექსანდრე მიქაბერიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორი, წიგნისთვის The Napoleonic Wars: A Global History [ნაპოლეონის ომები: გლობალური ისტორია] (Oxford: Oxford University Press, 2020) სამხედრო ისტორიაში გილდერ ლერმანის (Gilder Lehrman) ჯილდოს მფლობელი გახდა.ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ჯილდოს გასცემს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კვლევითი ცენტრი, ამერიკის ისტორიის გილდერ ლერმანის ინსტიტუტი, რომელიც 1994 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი ისტორიული კვლევების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა ისტორიულ დაწესებულებებთან, განსაკუთრებით ნიუ იორკის ისტორიულ საზოგადოებასთან. ინსტიტუტის მიერ ყოველწლიურად მოწყობილმა ღონისძიებებმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ეროვნული ფონდისა (National Endowment for the Humanities) და სხვა ორგანიზაციების აღიარება და მხარდაჭერა მოიპოვა.

ინსტიტუტის მიერ დაწესებულ სხვადასხვა ჯილდოს შორის გილდერ ლერმანის ჯილდო სამხედრო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.50 ათასი დოლარის ღირებულების პრემია გაიცემა სამხედრო ისტორიის სფეროში საუკეთესო ინგლისურენოვანი წიგნისთვის. ეს აშშ-ში ერთ-ერთი უმთავრესი წიგნის პრემიაა, პრესტიჟული და კონკურენციით გამორჩეული.

წელს ამ ჯილდოზე აშშ-ის, ბრიტანეთისა და კანადის წამყვანმა გამომცემლობებმა 75 წიგნი წარადგინეს. ისინი განიხილა საპრიზო კომიტეტმა, რომლის წევრები არიან ცნობილი ისტორიკოსები, მათ შორისაა სახელგანთქმული ბრიტანელი ისტორიკოსი ანდრიუ რობერტსი, წლევანდელი კონკურსის თავმჯდომარე.

კომიტეტის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წელს პრემია გადაეცა ქართველ ისტორიკოსს, ალექსანდრე მიქაბერიძეს წიგნისთვის ‘’The Napoleonic Wars: A Global History” [ნაპოლეონის ომები: გლობალური ისტორია] (Oxford: Oxford University Press, 2020).

“თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ისტორიკოსის ნაშრომს ამ მასშტაბის აღიარება არასოდეს მოუპოვებია. ჩვენ მოხარულნი ვართ და ვამაყობთ, რომ ალექსანდრე მიქაბერიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე ასწავლის.”- ნათქვამია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები