უნგრელი სპეციალისტები თსუ-ს არქეოლოგიურ ექსპედიციებში ჩაერთვებიან
უნგრეთის დელეგაცია ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ერთი დღით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა დელეგაციის წევრებს, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: უნგრეთის ადამიანური რესურსების მინისტრი მიკლოშ კაშლერი, მინისტრის მოადგილე ზოლტან ლორინჩი, საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანა მარია შიკო და უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები.
თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორთან, პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან თეა გერგედავასთან და თსუ-ის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დელეგაციის წევრებს უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც არქეოლოგიის მიმართულების უნგრელი სპეციალისტები ჩაერთვებიან თსუ არქეოლოგიურ ექსპედიციებში. საუბარი შეეხო 2022 წელს დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციასაც, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს.
ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის დელეგაციის წევრები გაეცნენ გრაკლიანის გორაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგებს. ეწვივნენ და დაათვალიერეს ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი.