გრენლანდიის პირქუში პეიზაჟი და განუმეორებელი დიალოგები – ამბავი „ცისფერი მთების“ შესახებ

„მოედნის იქით ხევია, ხევს იქით – რკინიგზის მიწაყრილი. მტვრითა და დამწვარი საწვავის ბოლით გაცრეცილ ნისლში იკვეთება ქალაქის ახალი გარეუბნის ერთფეროვანი, მაღალი სახლების კონტურები. ხელმარჯვნივ: უბადრუკი ნაგებობანი და ოცდაათიან წლებში ფსევდოკლასიკური სტილით აგებული შენობა ჩანს. გრენლანდიის პირქუში პეიზაჟი”

წლების შემდეგ მწერალი და დრამატურგი,  ფილმის „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ სცენარის ავტორი – რეზო ჭეიშვილი იტყვის “ეს არ იყო თითქოს კინოს მასალა. სხვას რომ გადაეღო, შეიძლება არაფერი არ გამოსვლოდა… იმიტომ, რომ აქ მძაფრი სიუჟეტი არ არის, არც სიყვარულია, არც სიმღერა, პურის ჭამა, არც დეტექტივია, არის მარტო ცარიელი დიალოგი, ლაპარაკი, რომელმაც დღემდე არ დაკარგა მნიშვნელობა”,

დრო გადის  და ყუფარაძეებისა და „ვაჟა ზაზაევიჩის“ განუმეორებელი ფრაზები მაყურებელს არ ავიწყდება, სასაცილო და სევდანარევი ბიუროკრატიული წყობა, რასაც რეჟისორი ელდარ შენგელაია გვიჩვენებს და რაც ასე ზუსტად ასახავს საბჭოთა კავშირის სახეს, სისტემის უაზრობას, რომელიც დანგრევისათვისაა განწირული, სწორედ ამიტომ – მიუხედავად იმისა, რომ „აქ მძაფრი სიუჟეტი არ არის“ დიალოგების წყალობით ფილმი“ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი’ ყველა დროის ერთ ერთ საუკეთესო ფილმად რჩება ქართული კინოს ისტორიაში.

“შვებულებაში ვაპირებ წასვლას, მაგრამ ჯერჯერობით არ მიშვებენ, მაგრამ, შეიძლება გამიშვან კიდეც…”მხოლოდ ამ ერთ წინადადებაში რამდენი რამ იკვეთება-სისტემის აბსურდულობა, ბიუროკრატიის მოწიწებული „ხიბლი,“ ქართული ხასიათის გარკვეული შტრიხები..რეჟისორი ელდარ შენგელაია ამბობდა: „მეგონა, რომ ამბავი საბჭოთა-ქართულია, მაგრამ კანის ფესტივალზე რომ ვიყავი, ფესტივალის დირექტორმა მითხრა, წერილი რომ გავაგზავნო საფრანგეთის კულტურის სამინისტროში, პასუხს ვერ მივიღებ, რა ნაცნობი სიტუაციააო. იგივე გვითხრეს, როცა დელის კიონოფესტივალზე ვაჩვენეთ, გვეგონა, ინდოეთზეა გადაღებულიო. შემდეგ ვენაში წავიღეთ და იქაც გვითხრეს – ეს ფილმი ზუსტად ასახავს იმას, რაც ჩვენთან ხდებაო. ეს მუდმივი თემა და პრობლემაა.“-სწორედ ეს მარადიულობა აქცევს ფილმს კლასიკად და ამიტომ დღემდე ყოველდღიურ ცხოვრებაში მაყურებელი იმეორებს გენიალურ ფრაზებს ფილმიდან, ფრაზებს, რომელიც ყველა დროსა და სივრცეს ერგება და უხდება …მერა რა, რომ  შაბიამნის ახალი პარტია, მიუხედავად იმისა რომ არავის სჭირდება მაინც მოაქვთ..და ბოლოს!

” მართლაც,  რა მნიშვნელობა აქვს, სოსო, წავიკითხე თუ არა” ?

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები