ჭაბუკა ჭიღლაძე საქართველოს გრანპრის ჩემპიონია
27-28 ნოემბერს თბილისი ოლიმპიური ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთაშორისო ტურნირი საქართველოს გრან პრი სთრონგმენი გაიმართა, სადაც ქართველ სპორტსმენებთან ერთად რვა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ტურნირის პირველ დღეს ტრეკბულში ლუკა ჩიკვილაძემ და გიორგი ტალახაძემ გაიმარჯვეს, ღონისძიების მეორე დღე სთრონგმენის კლასიკურ კატეგორიას და ამოწევას დაეთმო სადაც აბსოლიტური ჩემპიონი ჭაბუკა ჭიღლაძე გახდა. „ქართული კვირა“ ტურნირის გამარჯვებულს ესაუბრა,
ჭაბუკა ჭიღლაძე : “დამთავრდა სთრონგმენის უიქენდი, ორივე დღემ ძალიან კარგად ჩაიარა, საქართველოს გრან პრის როგორც ეკადრებოდა ისეთი მაღალი დონის შეჯიბრი გამოვიდა. საკმაოდ მაღალი კონკურენცია იყო, გამარჯვება ადვილად მოვიპოვე, მოვიგე 5 მოძრაობიდან 4. ეხლა უკვე შემდეგი გამოწვევა ამერიკის არნოლდ კლასიკზე მელოდება, მალე დავიწყებ მომზადებას და შევეცდები ისევ ისეთი გამარჯვება მოვუტანო ჩვენს ქვეყანას, როგორც დღეს ყველამ ნახა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩამოსვლისთვის და მონაწილეობისთვის ჩვენს მეგობარ უცხოელ სპორტსმენებს, ძალიან მაღალი დონის სპორტსმენები იყვნენ უკრაინიდან, ლიეტუვადან და გერმანიიდან და თითოეულმა მათგანმა საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა. სასიხარულოა, რომ საქართველოს გრან პრიზე ასეთი დონის სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას. ამით ჩვენი, ქართველი სპორტსმენების დონე მაღლდება და მსოფლიო რეიტინგში საქართველოს პოზიცია უმჯობესდება, შესაბამისად ის ფაქტი რომ ეს სპორტი საქართველოში უფრო და უფრო ვითარდება ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. შეჯიბრისთვის მომზადება საკმაოდ დიდი და შრომატევადი პროცესია, ამისათვის სპორტსმენს სჭირდება სწორი სისტემა და გამოცდილი პროფესიონალი მწვრთნელი, დიდი მადლობა პირველ რიგში ჩემს მწვრთნელს ნუგზარ დავითურს, ასევე მინდა მადლობა ვუთხრა Vitamini.Ge -ს ხარისხიანი საკვები დანამატებისთვის,უკვე ერთი წელია კომპანიასთან ვთანამშრომლობ და ყველა შეჯიბრზე წარმატებით ვასპარეზობ. რომ არა სპოსორები შეჯიბრი ვერ შედგებოდა ამიტომ მადლობა მინდა ვუთხრა „თეგეტა თრაქ ენდ ბას“ ფინანსური მხარდაჭერისთვის და საჭირო ტექნიკის (ტრაილერები, ტრაქტორები) მოწოდებისთვის, ასევე მადლობა რესტორნების ქსელს „ხინკლის სახლს“ გვერდით დგომისთვის. და რაც მთავარია ყველაზე დიდი მადლობა, ჩემს გულშემატკივრებს, მეგობრებს და ოჯახის წევრებს მხარდაჭერისათვის.
„ქართული კვირა“ ჭაბუკა ჭიღლაძეს წარმატებებს უსურვებს უკვე ამერიკის არნოლდ კლასიკის ტურნირზე.