„აელვარებულია მაღალის ნიჭით, დიდი მუყაითობით და საარაკო თავდადებულობით“ 4 დეკემბერი ვასო აბაშიძის დაბადების დღეა

1926 წელს, დრამატურგი შალვა დადიანი წერდა : „დაიკეცა დიდი წიგნი მეცხრამეტე საუკუნის ქართული თეატრისა, წიგნი, რომელიც აელვარებულია მაღალის ნიჭით, დიდი მუყაითობით და საარაკო გმირული თავდადებულობით, საცა წვაა ცეცხლოვანი ხელოვნებისთვის, საცა მძივებივით ასხმულია ტალანტის მთლიანობით გამოკვეთილი უცხო სახეები კლასიკურ ნაკვეთებისა“ შალვა დადიანმა ეს სიტყვებია ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებელს – საქართველოს პირველ სახალხო არტისტს – ვასო აბაშიძეს მიუძღვნა.

1879 წლიდან, მასე შემდეგ რაც ილია ჭავჭავაძის მეოხებით  მუდმივმოქმედი  ქართული თეატრი აღადგინეს, ვასო აბაშიძე  პროფესიული დასის წევრია. აბაშიძე სცენიდან ამხელდა მის დროინდელ საზოგადოებას, მის გახრწნილებას და ფარისევლობას. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კუმუხტი, ტრდატოვი, დაბაღოვი (გიორგი ერისთავის „დავა“, „გაყრა“, „ძუნწი“), გეურქა (ზურაბ ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“), ავეტიკა, აკოფა, მაზუთიანი, გასპარა, ოსეფა, გრიქულა (ავქსენტი ცაგარელის, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“, „ხანუმა“, „ციმბირელი“, „ბაიყუში“, „მათიკო“, „ჭკუისა მჭირს“), საქო (იოსებ გედევანიშვილის „მსხვერპლი“), ზიმზიმოვი, ისაია (გაბრიელ სუნდუკიანის „პეპო“, „ხათაბალა“), ბესო (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი „ღალატი“), გრზშნევსკი (ტრიფონ რამიშვილის „მეზობლები“). კლასიკური რეპერტუარიდან განასახიერა ფამუსოვის (ალექსანდრე გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“), ხლესტაკოვის, გოროდნიჩის (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), ბელოგუბოვის, შმაგის (ალექსანდრე ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“, „უდანაშაულო დამნაშავენი“), სკაპენისა და ორგონის (მოლიერის „სკაპენის ოინები“, „ტარტიუფი“), ფიგაროს (პიერ ბომარშეს „სევილიელი დალაქი“) და სხვა როლები. მონაწილეობდა ოპერეტებში: შარლ ლეკოკის „რაინდი უშიშარი და გულმართალი“ (ლარგი), უზეირ ჰაჯიბეკოვის „არშინ-მალ-ალან“ (ასკარი) და სხვა. ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას. დაწერა რამდენიმე პიესა, თარგმნა და გადმოაკეთა მრავალი კომედია, ვოდევილები და ოპერეტა. 1885 წელს დააარსა გაზეთი „თეატრი“- რომელმაც დიდი როლი შეასრულა ქართული თეატრალური კრიტიკის განვითარებაში, შეადგინა და გამოსცა პიესათა და საესტრადო მასალათა კრებულები, ვასო აბაშიძის როლი ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში ძალიან დიდია- იგი კომედიის დიდოსტატია, დიდი ილია ჭავჭავაძე წერდა : „დაჰღალა მაყურებელი სიცილითა. არ გაგონილა ამისთანა კომიკი, როგორიც ბ_ნი აბაშიძეა, როცა თავის როლშია და გუნებაზედაც არის. ნამდვილი არტისტია… ყოველს მოქმედ პირს, თუ კი მისი შესაფერისი როლისაა, იგი განასახოვნებს ხოლმე და ,,ტიპად’’ გარდააქცევს… უყურებთ ბატონს აბაშიძეს სცენაზედ და ჰფიქრობთ, რა ვქნა, ამისთანა კაცი სადღაც მინახავსო და არ მაგონდება კი, სადა და ვინ არისო’’.

აკაკი წერეთელი ვასო აბაშიძის შესახებ ამბობდა: „ერთ რჩეულთაგანს, შეგნებული გქონდა საჭირო ჭეშმარიტება! იმ თავიდან ამ ბოლომდე, ოცდახუთი წლის განმავლობაში მამა-შვილურის თანაგრძნობით თვალყურს ვადევნებდი შენს ნიჭიერ მოღვაწეობას და არც ერთხელ არ შემინიშნავს, რომ გემტყუნებინოს სიმართლისათვის სწორე გზიდან!.. და დღეს პირნათლად შეგიძლია სთქვა: რაც შემეძლო, კიდევაც გავაკეთეო, პატივი შენს ნიჭს, გამარჯობა გულწრფელ მოღვაწეობას და ვაშა მამულის საკადრის შვილს ვასილ აბაშიძეს!“თავად სასცენო მოღვაწეობის 25 წლის იუბილეზე დიდი მსახიობი ამბობდა: „ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რა ეკლიანი და შხამნაღვლიანი იყო და არის ქართულ სცენაზე შრომა, მაგრამ დღევანდელ დღე ყველა ვარამს მავიწყებს.“ ასეა მსახიობის პროფესია ხალხის სიყვარული ყველაფერზე მნიშვნელოვანია, ხოლო ვასო აბაშიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზა ამის ნათელი მაგალითია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები