ჟამიანობა ძველად – ისტორიული დოკუმენტები ეროვნული ბიბლიოთეკიდან

რა დოკუმენტური მასალა ინახება ეროვნულ ბიბლიოთეკაში  საქართველოში ძველად გავრცელებული ვირუსების შესახებ, როგორ ეხმიანებოდნენ პრესაში ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს და რა შეზღუდვები არსებობდა პანდემიის შესაჩერებლად, – გვესაუბრება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი.

– ეროვნულ ბიბლიოთეკაში, როგორც ქვეყნის მთავარ დეპოზიტორიუმში, უამრავი ცნობა ინახება ეპიდემიების შესახებ –  ეს არის საგაზეთო სტატიები, XIX  საუკუნეში გამომავალი პერიოდული პრესა, ძველი წიგნები, ხელნაწერები და ფოტომასალა, რომელიც პანდემიურ ამბებს ასახავს, ასევე – წერილები. ამის ერთ – ერთი კარგი მაგალითია მარო მაყაშვილის წერილი. როდესაც მის ოჯახს „ისპანკა“ დაემართა, იგი აღწერდა ამბებს, რომლებიც მის ოჯახს თავს გადახდა და ჯანმრთელობის იმ პრობლემებზე ამახვილებდა ყურადღებას, რომლებიც თავად გადაიტანა.

 იგი წერდა – იმდენად მძიმედ დავავადდით მთელი ოჯახი, რომ ჩავწექით ლოგინად, მომვლელი ქალიც კი ვერ მოდიოდა ჩვენთან, ამიტომ მამა იძულებული იყო, შინ დარჩენილიყო  და მხოლოდ მამაღა იყო ჩვენი მომვლელი, ის გვიკეთებდა სადილს და ის გვივლიდა რამდენიმე დღის განმავლობაშიო. იგი  ასევე აღწერს იმ სიმპტომებს, რომლებიც მას აღენიშნებოდა – მაღალი სიცხე, სხეულის გაძლიერებული ტკივილი. მარო მაყაშვილი ამბობს, რომ ძალიან მძიმე იყო ის დღეები, როდესაც ამ დაავადებას ებრძოდა. ასე რომ, მრავალი ფაქტი და მასალაა ჩვენთან დაცული, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ისტორიულად თვალი გავადევნოთ პანდემიის ამბებს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე –  ქვეყნის საზღვრებს გარეთაც, მაგალითად, ევროპაში. ეს იმის გაანალიზების საშუალებას გვაძლევს, რომ კარგად წარმოვიდგინოთ მაშინდელი ვითარება.

– როცა ვირუსი იწყებოდა, ძირითადად, რაზე წერდნენ?

– რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ წიგნებსა და ისტორიულ წყაროებშია. მაგალითად, ისტორიული წყაროები გვამცნობს XVIII საუკუნის ამბებს, რამდენჯერ გამწვავდა საქართველოში „შავი ჭირის“ ეპიდემია, ასევე ყვავილი, რომელიც იმ დროს არ იკურნებოდა. „შავი ჭირი“ იმდენად გავრცელდა, რომ სამეფო ოჯახმა რამდენჯერმე გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი, რომ ეპიდემიის გავრცელებას დამალვოდა. ამის გარდა, ძალიან საინტერესოა, როგორ ეხმიანებოდა ევროპაში მიმდინარე მოვლენებს მეცხრამეტე საუკუნის პრესა და მერე როგორ აანალიზებდა ქართულ რეალობას. მაგალითად, სადაც კი ვრცელდებოდა ქოლერა, მუცლის ტიფი – სტატიებს უძღვნიდნენ ქართულ პრესაში. ასეთ სტატიებს შევხვდებით XIX საუკუნის ბოლოს, თუნდაც გაზეთ „ივერიაში“, „დროებაში“. შემდეგ უკვე, XX საუკუნის დასაწყისისთვის, როცა ქვეყანას „ისპანკა“ მოედო, „საქართველოს რესპუბლიკა“, „ერთობა“, „სახალხო საქმე“ და სხვა წერდნენ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რა მდგომარეობა იყო საქართველოს რეგიონებში, სად რამდენი დაავადებული იყო, რა სირთულეები არსებობდა, სად იყო მთავარი პრობლემები და ა.შ.  სხვადასხვა რეგულაციის დაცვის მიზნით  მოუწოდებდნენ არა მხოლოდ გაზეთის ფურცლებიდან, არამედ პლაკატებით და სპეციალური აფიშებით, რომლებსაც ქუჩებში აკრავდნენ

– საინტერესოა,  ვინ მოუწოდებდა ხალხს რეგულაციების დაცვისკენ?

– XIX საუკუნეში მეფისნაცვალი და სახელმწიფო მოხელეები, დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში – ქალაქის ხელმძღვანელობა და მთავრობის თავმჯდომარეები. „საქართველოს რესპუბლიკაში“ ვხვდებით ისეთ სტატიას, სადაც 1919 წელს ბენია ჩხიკვიშვილი მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს, იგი  წერს, რომ ვაქცინა  შეამოწმა თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო განყოფილებამ და  აბსოლუტურად უსაფრთხოა. სტატიაში ასახელებდა თბილისის სამ საავადმყოფოს, სადაც მოსახლეობას დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე შეეძლო მისვლა და აცრა. გარდა ამისა, არსებობდა პოლიცია, რომელიც პერიოდულად ქუჩებს ამოწმებდა.

 თბილისში  პოლიციამ აკრძალა  განსაკუთრებით მალფუჭებადი საჭმელებით და სასმელი წყლით გარევაჭრობა, ასევე იკრძალებოდა თავშეყრის ადგილები. თბილისში, 1918 წლის ბოლოს დაიწყო საინტერესო აქცია, რომლის დროსაც დაავადებულების ოჯახებში მიდიოდნენ მოხალისეები და ოჯახის წევრებს ეხმარებოდნენ სხვადასხვა საქმეში. ეს იყო დიდი მოძრაობა და სოლიდარობის ძალიან კარგი ფორმა, რომელმაც მთელი ქალაქი მოიცვა. მაშინ ქალაქში პროფკავშირების გაერთიანება არსებობდა და ეს იდეა სხვადასხვა სამსახურის პროფკავშირებმა აიტაცეს, თავიანთ კოლეგებსა და უცნობ ადამიანებს ეხმარებოდნენ. დაავადებულებისთვის და გაჭირვებულებისთვის დაიწყეს ტანსაცმლის შეგროვება და საკვების მიტანა.

– იმდროინდელ პრესაში თუ არის შემორჩენილი იმ ხალხის აზრი, ვინც ეწინააღმდეგებოდა ვაქცინაციას და უარყოფდა ვირუსის არსებობას?

– რა თქმა უნდა, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში რთული მოსაპოვებელია მათი აზრი, იმიტომ, რომ ოფიციალურ გამოცემებში მათ აზრს არ ბეჭდავდნენ, პირიქით, გამოდიოდა სატირულ-იუმორისტული პრესა, მაგალითად, „ეშმაკის მათრახი“ და სხვა, სადაც დასცინოდნენ ასეთ ხალხს და იმ ადამიანების სატირულ ფოტოებს აქვეყნებდნენ, ვინც წესებს არ იცავდა ანდა ვაქცინაციას არ იტარებდა.

პრესაში ანტივაქსერები გამოყვანილი ჰყავდათ, როგორც უარყოფითი პირები, რომლებიც საზოგადოებას ებრძოდნენ. ამის უამრავი მასალა არსებობს. ცნობილია, წარმოშობით პოლონელი მხატვრის, ჰენრიხ ჰრინევსკის კარიკატურა, რომელიც 1910 წელს ერთ – ერთი გაზეთის ფურცლებზე გამოქვეყნდა, სადაც პანდემიის დროს გარდაცვლილი ადამიანების საფლავის ქვებია ჩალაგებული და ნაჩვენებია, როგორ აქცევენ იმ ადამიანებს იზოლაციაში, ვინც არ ემორჩილება მაშინდელი ხელმძღვანელობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს. ძალიან საინტერესოა პირბადეების თემაც. ამის ფოტომასალაც გვაქვს, როგორ  გამოიყენებოდა ძველად.

– მოცემული დოკუმენტების მიხედვით, ყველაზე დიდხანს, რამდენ ხანს გრძელდებოდა პანდემია?

– ეპიდემია ასწლეულებიც კი გრძელდებოდა, მაგალითად, XIVსაუკუნეში ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი, თუ მისი ოჯახის წევრები „შავ ჭირს“ შეეწირნენ. ჩვენთვის ერთ – ერთი გამორჩეული მეფე გიორგი ბრწყინვალე, როგორც ისტორიული ფაქტებიდან დასტურდება, სწორედ  „შავი ჭირით“ გარდაიცვალა. ძალიან დიდხანს გრძელდებოდა ეს პროცესი.

XVIII საუკუნეს და ერეკლე მეორეს რომ დავუბრუნდეთ, 40 დღის განმავლობაში ვერ კრძალავდნენ  მას მცხეთაში „შავი ჭირის“ გავრცელების გამო, და ქალაქი, პრაქტიკულად, იზოლაციაში იყო მოყოლილი. 40 დღის შემდეგ, როცა ერეკლე მეორე თელავიდან ჩამოასვენეს, სვეტიცხოველში მოღვაწე სასულიერო პირებმა შეასვენეს ტაძარში.

ისტორიულად, ძველქართულად,  ამ გადამდებ დაავადებებს  „ჟამიანობას“ უწოდებდნენ და ასეთი ჟამიანობის გამო არის აშენებული ხევსურეთში, არღუნის პირას, სპეციალური სახლები, რომლებსაც ანატორები ეწოდება. თუ ეპიდემია ერთ წელზე მეტხანს გრძელდებოდა, დაავადებული ადამიანები მიდიოდნენ ან მიჰყავდათ ისინი ანატორებში და იქ ათავსებდნენ. თუ გამოჯანმრთელდებოდნენ, სოფელს უკან უბრუნდებოდნენ, თუ არადა, იქ რჩებოდნენ ბოლომდე, რომ სხვებისთვის არ გადაედოთ დაავადება

ისტორია ძალიან კარგი მაგალითია ჩვენთვის, როდესაც ადამიანები გაუთვითცნობიერებლად, მიუხედავად ბევრი ფაქტისა, არგუმენტების გარეშე უარყოფითად არიან განწყობილნი და არ ენდობიან ვაქცინას. სწორედ ასეთმა ადამიანებმა უნდა გადახედონ ისტორიას და ნახავენ, რომ პანდემია და გადამდები სნეულებები არ არის თანამედროვე მსოფლიოს მოგონილი, არამედ, საუკუნეების მანძილზე, რეალურად სულ არსებობდა და ბევრი იმპერია დასცა ძირს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ნადგურდებოდა ამ ყველაფრით, მათ შორის – საქართველოშიც. მეცნიერებას საუკუნენახევარი დასჭირდა, რომ ყვავილი დაემარცხებინა.

 მხოლოდ XX საუკუნის სამოცდაათიან წლებში მოგონილმა ვაქცინამ დაასრულა ეს დაავადება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოვუფრთხილდეთ საკუთარ თავს და სხვებსაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები