ქართული ხელნაწერების საფუძველზე ანბანის სამი სახეობის შრიფტი შეიქმნა

საქართველოს ეროვნული არქივის ინფორმაციით, ქართული ხელნაწერების საფუძველზე ანბანის სამი სახეობის შრიფტი – „ანბანდიდი“, „გრაგნილი“ და „მედეა“ – შეიქმნა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის, კომპანია „ჯეპრასა“ და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით შრიფტების დასამზადებლად ეროვნულ არქივში დაცული ძეგლები შეირჩა.

შრიფტების პრეზენტაცია საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 30 ნოემბერს, 14 საათზე გაიმართება. ღონისძიებაზე ხელნაწერების ორიგინალები გამოიფინება.

„ასომთავრულს საფუძვლად დაედო IX საუკუნის გამორჩეული ხელნაწერი „ანბანდიდი სახარება“, ნუსხურს – XV საუკუნის კონდაკი „იოანე ოქროპირის ჟამისწირვა“, მხედრული შრიფტი კი XVII საუკუნის ძეგლის „იაზონისა და მედეას ამბავის“ მიხედვით შეიქმნა. შრიფტები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უსასყიდლოდ არის ხელმისაწვდომი“, – ნათქვამია  საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი მიეძღვნა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანიდან 5 წლის იუბილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები