„სამშობლოს სიყვარული ნივთი არ არის, გზად მიმავალმა დაკარგო“

23 ნოემბერი ქართველი მწერლისა და სცენარისტის ერლომ ახვლედიანის დაბადების დღეა, გთავაზობთ ნაწყვეტს მისი ცნობილი წერილიდან „ხალხი, რომელსაც სამშობლო არ უყვარს

“მიყვარს თუ არა ჩემი სამშობლო? ადრე არ დავფიქრებულვარ. ახლა დავფიქრდი.მახსოვს ჩემი პირველი აღმოჩენა, რომ მე ქართველი ვარ.ეს იყო ჩუმი აფეთქება ჩემში. არა, ეს არ იყო სიამაყის გრძნობა. შეუძლებელია, სიამაყის გრძნობა ებადებოდეს ვენახს, რომ ის ვენახია, ვაზია და ისხამს მტევანს. ან ვაშლს, ან მსხალს, ან ლეღვს. ეს უპირატესობა არ არის. ეს უბრალოდ აღმოჩენაა, რომ ეს შენ ხარ და სხვა არავინ, ამ ჯიშისა ხარ.ჩემი სამშობლო, ჩემი საქართველო, ჩემი მამული! არ არსებობს უფრო ჩუმად სათქმელი სიტყვები. მე ამ ნეტარ სიჩუმეში გავატარე მთელი ჩემი ცხოვრება და არასოდეს მომდომებია, ეს განცდა გამომეთქვა და გამომეხატა. მე ამ განცდაში ვიყავი, როგორც მერცხლის ბარტყი მერცხლის ბუდეში…
მერე რა მოხდა, არ ვიცი. სად გაქრა, როდის აღვმოჩნდი გაძარცვული ამ განცდისგან. ეს მოხდა სწორედ მაშინ, როცა ასე საჭიროა მისი დაცვა და შენარჩუნება. მაგრამ, რომ აღარ ვიცით, რა უნდა დავიცვათ და შევინაჩუნოთ… ახლა ჩემი სამშობლო ვიღაცეებისგან შეთხზული ლეგენდაა, რომელიც სინამდვილეში აღარ არსებობს…სამშობლოს სიყვარული ნივთი არ არის, გზად მიმავალმა დაკარგო, თორემ უკან დაბრუნდებოდი და იქნებ გეპოვა.სიყვარული გულში უნდა იყოს. იქ არის მისი ბინა, მისი სამყოფელი. თუ სიყვარული გულს გარეთ არის, მაშინ ის სიყვარული არ ყოფილა და მერე რაც გინდა, ის უწოდე მას. ის მუდამ შენში უნდა იყოს და მხოლოდ მაშინ იქნები შენც მასში, როგორც ჯავშანში.

იქნებ მართლაც ავიღოთ სასწორი და ავწონოთ, ვის უფრო უყვარს სამშობლო, ანდა, რა არის სამშობლოს სიყვარული? მახსოვს ერთი, მეტად უმნიშვნელო შემთხვევა: მოსკოვის უმაღლეს სასცენარო კურსებზე სწავლისას, ჩვენს საერთო საცხოვრებელში ბინადრობდა ერთი ლიტველი ყმაწვილი. ის თავისუფალი მსმენელი იყო და სტიპენდიას არ იღებდა. ერთხელ, მას შევხვდი საერთო საცხოვრებელის ერთობ მოუწყობელ სამზარეულოში, ყავას ადუღებდა. გამოველაპარაკეთ ერთმანეთს.სიტყვამ მოიტანა და მან თქვა: „სამზარეულოს ფული მაქვს გადასახდელი, ორი მანეთიო”.მე გამიკვირდა – არც კი ვიცოდი, რომ ამ დანგრეული სამზარეულოსთვის არსებობდა გადასახადი. მან გაიცინა და მიპასუხა: „ვისაც ვუხდი, იმათაც უკვირთ და, მე მგონი, დამცინიან კიდევაც. მე კი მაინც ვიხდი. იქნებ ცოტა გამდიდრდნენ და მიხედონ ამ დანგრეულ სამზარეულოს. ისე კი, რაც გადასახდელია, არ შემიძლია არ გადავიხადოო”.ნუთუ, ლიტველი რუსეთის გამდიდრებისთვის იღვწოდა? ანდა, მას უფრო უყვარდა რუსეთი, ვიდრე თუნდაც მე? არა, რა თქმა უნდა. ის აქ, რუსეთში თავის ეროვნულ ღირსებას იცავდა.ეროვნული ღირსება!ხმამაღალი ნათქვამია,მაგრამ ყოველი ადამიანი უცხოობაში თავისი ერის წარმომადგენელია და როგორც შეუძლია, იცავს საკუთარი ერის ღირსებას.ეს უმნიშვნელო შემთხვევა დღემდე ცოცხლობს ჩემში, თუმც მას შემდეგ თითქმის ოთხი ათეული წელი გავიდა და, განსაკუთრებით დღეს, მეტი სიცხოველით მაგონებს თავს…
მოვიგონოთ ჩვენი სულმნათი მეფე დავით აღმაშენებელი, როდის უფრო უყვარდა მას სამშობლო – “ოდესაც სოფლის კიდეთა ეძებდა დაპყრობად და გარდახდა საზღვართა და შეერთო სახლი სახლსა და აგარაკი – აგარაკსა და უუძლურესთა ართმევდა მათ ნაწილს და იღვწოდა უმეზებლობასა და ვითარცა მარტოი მკვიდრობდა ქვეყანასა ზედა”, – თუ მაშინ, როდესაც ყოველივე ეს შეინანა?
თუ მხოლოდ პირველი ნიშნავს სამშობლოს სიყვარულს, მაშინ რაღას ვერჩით და განვიკითხავთ რუსეთს?ხლა კი, კვლავ ჩვენ დროს დავუბრუნდეთ და პატარა ინტერვიუ ვთხოვოთ კაცს, რომელსაც სამშობლო უყვარს.კაცი იყო, სამშობლო ძალიან უყვარდა.ჰკითხეს: მაინც როგორ გიყვარს სამშობლოო?უპასუხა: ძალიან მიყვარსო. მისთვის რას არ მოვიმოქმედებო.ჰკითხეს: ვთქვათ, შეიტყვე, რომ შენს მოყვასს სამშობლო შენსავით არ უყვარს. რას უზამ?უპასუხა:სულ ნაკუწ-ნაკუწ ავქნი და ყვავ-ყორნებს გადავუყრი საჯიჯგნადო.ჰკითხეს: მის ლამაზ ცოლს რას უზამ?უპასუხა: ხარჭად დავისვამო.ჰკითხეს: მის წვრილ შვილს რაღას უზამ?უპასუხა:სტამბულს მონებად გავყიდიო.ჰკითხეს:მის ეზო-კარს, ყანას, საქონელს და ყოველივეს, რაც მას ეკუთვნის, რას უზამ?უპასუხა: გავუნაწილებ იმათ, რომელთაც სამშობლო ჩემსავით უყვართო.საშობლო ცოცხალი არსებაა და ნურავინ დაიმშვიდებს თავს, რომ მას არ ესმის, ვერ ხედავს, ან ვერ გრძნობს, ვის უყვარს იგი.არა ყოველი, ვინც გაიძახის, – მიყვარს სამშობლო! – სამშობლოს მოყვარულია, ან ესმის, რა არის სამშობლოს ჭეშმარიტი სიყვარული.
შენ კი გგონია, რომ გიყვარს სამშობლო, მაგრამ თუ დაფიქრებულხარ იმაზე, ხარ თუ არა მისი სიყვარულის ღირსი.”

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები