„დავუმტკიცებ, რომ ვაჟკაცი ვარ! – ჩაულაპარაკა მწერალთა დარბაზში პაოლომ მიხეილ ჯავახიშვილს. ..“

23 ნოემბერი მწერლისა და დრამატურგის  ლაშა თაბუკაშვილის დაბადების დღეა, მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 1969 წელს ჟურნალ „ცისკარში“ მოთხრობით „მოკლეს ბიჭი“ მწერლის  მოთხრობები მრავალ ენაზეა თარგმნილი. ლაშა თაბუკაშვილის პიესები „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, „ძველი ვალსი“, „ათვინიერებენ მიმინოს“, „შენკენ სავალი გზები“, „ნატაძრალზე“, „მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი“, „თოვლივით თეთრი თოვლი“ ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა რესპუბლიკის აკადემიურ თეატრშია დადგმული, აგრეთვე ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში და ნათარგმნია მრავალ ენაზე.ლაშა თაბუკაშვილის ბიოგრაფია შეტანილია იუჯინ ო’ნილის სახელობის დრამატურგთა ცენტრის კატალოგში „100 ყველა დროის ცნობილი დრამატურგი.

ლაშა თაბუკაშვილი მიძღვნა  პაოლო იაშვილს :
„რაც უფრო დაჟინებით ჩააცქერდები ქვესკნელს, ისიც სულ უფრო მეტად დაინტერესდება შენით. დრო იყო ასეთიო, ჩაილაპარაკებს მხდალი, მაგრამ ის დრო ვინ შექმნა? ვინ დააყენა სასიკვდილო არჩევნის წინაშე, არა მხოლოდ მრავლად ჩინებულნი, არამედ, მცირედ რჩეულნიც.
– მე ამათ დავუმტკიცებ, რომ ვაჟკაცი ვარ! – ჩაულაპარაკა მწერალთა დარბაზში პაოლომ მიხეილ ჯავახიშვილს. მართლაცდა რა ელოდა წინ – წამება და სიკვდილი, თუ მეგობრებს არ გასცემდა. ყველას აქვს ზღვარი სულიერი სიმტკიცისა, და რაც ყველაზე მტკივნეულია, ის დაუცველი წერტილი, რომელიც ჯალათს განსაკუთრებით აინტერესებს, ამ შემთხვევაში ეს ოჯახია, რომელიც შენვე უნდა გასწირო და პირველ რიგში, პატარა მედეა. აკი შემდგომში მხოლოდ შენი შესანდობრის დალევის გამო, ცხრამეტი წლით გააციმბირეს შენი ძმისშვილი კუკუნა.
– მე ამათ დავუმტკიცებ, რომ ვაჟკაცი ვარ! – ეს გამოსავალი იპოვნე, და შენი გასროლით გეგონა, ქვესკნელიდან წამოსულ ავ ტალღას ჩაახალე ჟაკანი.
ვინა ვართ ჩვენ, თვითონ ცოდვებით დამძიმებულნი. მხოლოდ ერთადერთმა ძალამ აგხსნა ხუნდები – დედა ეკლესიამ და მისმა უბადლო მესაჭემ – სრულიად საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
როგორც აფრის ტკაცუნი, მოფრენილი ზღვიდან/ისეთი ვაჟკაცური გაქროლება მინდა!

სულ ლამაზად გექროლოს, ქროლვას მონატრებულო, პაოლოს სულო!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები