„ლეკური ითამაშა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა. დამიკრა თავი, არ გამივიდა უარი“- მარო თარხნიშვილის მოგონებებიდან

ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი მარო თარხნიშვილი 1891 წელს დაიბადა,  1910 წელს გორში დააარსა ქართლ–კახური სიმღერების გუნდი და მისი უცვლელი ლოტბარი იყო; მან დიდი ამაგი დასდო საქართველოში მხატვრული თვითმოქმედების განვითარებას; მისი გუნდის მდიდარი რეპერტუარიდან აღსანიშნავია სიმღერები: “ჭონა”, “ბერიკაცი”, “ნამგლური”, “გარეკახური საცეკვაო”, “მუშური”, “თამარქალო”, “კახური მრავალჟამიერი”; თარხნიშვილი გუნდის ფონზე დიდი ოსტატობით ასრულებდა ცალფა შრომის სიმღერებს – “ურმულს”, “ოროველას”, აგრეთვე არიას “დაიგვიანეს” ნ. სულხანიშვილის ოპერა “პატარა კახიდან”; მის გუნდში მრავალი მომღერალი და ლოტბარი აღიზარდა;რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გამარჯვებული მარო თარხნიშვილის გუნდი მოსკოვში მიიწვიეს. შემდეგ ამას მოჰყვა წარმატებული გასტროლები რუსეთის, უკრაინისა და სხვა რესპუბლიკების ქალაქებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მარო თარხნიშვილისა და მისი გუნდის წარმატებული გამოსვლა ქართული ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში 1937 წელს.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია  მარო თარხნიშვილის მოგონება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საღამოზე:

1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიმართა კონცერტი და შემდეგ – ბანკეტი. კონცერტში მონაწილეობდნენ: ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ნიკო გოცირიძე, ვასო აბაშიძე, ნინა მაღალაშვილი, ბაუერზაკსი, დები თარხნიშვილები. კონცერტის შემდეგ გამართული სუფრის თამადა იყო ნოე ჟორდანია, „იმ დროის მთავრობა, რა თქმა უნდა, ყველანი იყვნენ, ნოე ჟორდანიამ ყველანი, მსახიობები მიგვიწვია მაგიდაზე, განკარგულება იყო გაცემული  თარხნიშვილების დებმა ქართული კაბები არ გაიხადონო,ლეკური ითამაშა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა. დამიკრა თავი, არ გამივიდა უარი. როგორც ერთი წრე შემოუარეთ (გვარი არ მახსოვს) მთლიანად ჯარის უფროსმა ჩამოართვა ჩემი თავი … თან მახლდა მეუღლე დიმიტრი ზაალის ძე თარხან-მოურავი. შეიკრა შუბლი, იეჭვიანა ნამდვილათ და ძალიან უსიამოვნოთ გახდა, რამაც ჩემზედ იმოქმედა. ასე ჩუმათ ჩავატარეთ ის წყენა და სახლში მშვიდათ დავბრუნდით”.

მოგონება დაცულია მარო თარხნიშვილის პირად ფონდში/ წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები