„ილიას მტრებმა დააგვიანეს მისი მოკვლა! მთავარი, რაც მას სურდა, ილიამ მოასწრო და გააკეთა!“

„მე ხომ ჯერ საკუთარი თავისთვისაც ვერ ამეხსნა ის, რაც თანმდევი იყო მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, თანმდევი იყო სიყვარულიც, მოწიწებაც და განცვიფრებაც ილიას მიმართ… და ეს თანმდევობაც, ლამის ჩვეულ ყოველდღიურობად მექცა და კათარზისიც მაშინ მოხდა, როცა შევეცადე, სტუმრისთვის ამეხსნა, თუ რა არის ჩვენთვის, მისთვის უცნობი ილია ჭავჭავაძე.“ – ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

„1973 წელს, მწერალთა კავშირში დავიწყე მუშაობა და 22 წლის ყმაწვილს, პირველ დავალებად, ერთი ნაკლებად ცნობილი უნგრელი მწერლის მასპინძლობა მერგო. მთაწმინდის პანთეონში ავიყვანე ის, მისი მეუღლე და რუსი თარჯიმანი ქალი.

გვიანი შემოდგომის დილა იყო, ოდნავ ცრიდა, როცა სტუმრები ილიას საფლავთან მივიყვანე. აქ ვინ ასვენია? მკითხა კაცმა და მეც გავემზადე ილია ჭავჭავაძის წარდგენისთვის. რაც მერე დამემართა, ახლაც უხერხულობაში მაგდებს. ჯერ ბურთი გამეჩარა კარგა ხნით ყელში და დამუნჯებული, ხელის მოძრაობით ვამშვიდებდი დაბნეულ და შეშფოთებულ სტუმრებს, ახლავე გამივლის, ახლავე-მეთქი და მართლაც სპაზმი უეცრად მომეხსნა და საბოლოოდ გავაოგნე იქ მყოფნი… ტირილი წამსკდა, თან ისეთი, სახე რომ არ გემანჭება და ცრემლი თავისით მოთქრიალებს… დასასრული ამ ეპიზოდისა მშვიდობიანი გახლდათ, როცა ავუხსენი მათ, რომ პირველად მოვიყვანე ამ საფლავთან სტუმარი და იმის გაფიქრებამაც კი, რომ ახსნა დამჭირდებოდა, თუ ვინ არის და ვინ ბრძანდება ჩვენთვის ილია ჭავჭავაძე, თავზარი დამცა-მეთქი.

მე ხომ ჯერ საკუთარი თავისთვისაც ვერ ამეხსნა ის, რაც თანმდევი იყო მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, თანმდევი იყო სიყვარულიც, მოწიწებაც და განცვიფრებაც ილიას მიმართ… და ეს თანმდევობაც, ლამის ჩვეულ ყოველდღიურობად მექცა და კათარზისიც მაშინ მოხდა, როცა შევეცადე, სტუმრისთვის ამეხსნა, თუ რა არის ჩვენთვის, მისთვის უცნობი ილია ჭავჭავაძე.

ახლა უკვე უნგრელი მწერლის ქვითინის ჯერი დადგა. ამას რაღა ატირებს მეთქი, თარჯიმანს ვკითხე. ამბობს, ბედნიერი იქნება ის დღე, როცა ჩემი შვილი შანდორ პეტეფის საფლავს დაიტირებსო.

წიწამურთან, რომ მოკლეს ილია… დიახ, დამთავრდა დიდი ეპოქა, მაგრამ დაიწყო ის, რასაც ბოროტის დრამატურგიას თუ დავარქმევთ. ილიას ოცნება დამოუკიდებელ საქართველოზე, მწიფე ვაშლივით ჩაუგორდათ კალთაში, მის ბიოლოგიურ მტრებს, მარქსისტ სოციალ დემოკრატებს და ბოლოს საკუთრივ დათმობილ თავისუფლებას, ვაჟკაცი ყმაწვილი იუნკრების სისხლიც მიანთხიეს. ხოლო მათ მიერ დაყრილ ჭორები, ბოროტი და გლეხების შემავიწროვებელ თავადზე, საოცრად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა სინდისგამოფიტულ საქართველოში.

ილია ვარო, შეუყვირა მკვლელებს და ეს არ იყო მხოლოდ გაფრთხილება მათ მიმართ, მგონი იმ წამში პოეტისა და ბანკირის აზროვნება ერთ ორგანიზმად იქცა და განჭვრიტა, თუ რა ცოდვა დაედებოდა მის სათაყვანო სამშობლოს და რომ მისკენ მომავალი ტყვია, მის სამ უდიდეს იმპერატივს, მამულს, ენას და სარწმუნოებას ემუქრებოდა. შემდეგ კი ვინც მოვიდა საქართველოში, სწორედ იმ ბოროტის მიერ დაწერილი პიესის კულმინაცია გახლდათ.

და ბოლოს, კიდევ ერთ სტუმარზე გეტყვით, ამერიკელ ქართველოლოგ კიმ ბრედვაიტზე. 1987 წელს, ილიას იუბილეზე, დროზე რომ არ მიმესწრო, საპატიო სტუმარს ფილარმონიის დარბაზში არ უშვებდნენ: იმდენად ანკარა ქართულით მეტყველებდა კიმი, რომ დაცვას ეჭვი შეეპარა მის ამერიკელობაში. მოკლედ შეაღწია ჩემმა და თქვენმა, კიმ ბრედვაიტმა პრეზიდიუმში, ავიდა ტრიბუნაზე და თქვა:

– ილიას მტრებმა დააგვიანეს მისი მოკვლა! მთავარი, რაც მას სურდა, ილიამ მოასწრო და გააკეთა!“

ლაშა თაბუკაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები