რუსთაველის ეროვნული თეატრი სპექტაკლს უკრაინაში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე წარმოადგენს
20 ნოემბერს, უკრაინაში, ბოგდან სტუპკას სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე, რუსთაველის ეროვნული თეატრი წარმოადგენს რობერტ სტურუას სპექტაკლს “თამაშის დასასრული”. სპექტაკლი გაიმართება ივან ფრანკოს სახელობის საერთაშორისო აკადემიურ დრამის თეატრში. ფესტივალი ბოგდან სტუპკას ხსოვნას ეძღვნება.
გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპექტაკლი „თამაშის დასასრული“ირლანდიელი მწერლის, დრამატურგ-ექსპერიმენტატორის, ნობელის პრემიის ლაურეატის სემუელ ბეკეტის ტრაგიკომედიაა. ესაა სპექტაკლი თეატრზე, ცხოვრებასა და სიკვდილზე, დასასრულსა და დასაწყისზე. პიესის ოთხი პერსონაჟია ფლეგმატური გმირები, რომლებიც ცარიელი სივრცის შუაგულში ცხოვრობენ და სხედან ნაგვის კონტეინერში, ინვალიდის ეტლსა და კიბეზე.სპექტაკლის მხატვარი მირონ შველიძეა, ქორეოგრაფი კი კოტე ფურცელაძე. მონაწილეობენ: გოგა ბარბაქაძე, ლევან ბერიკაშვილი, დავით უფლისაშვილი, ნანა ფაჩუაშვილი, გაბრიელ ბარბაქაძე.