ბებიის საკერავი მანქანიდან საკუთარ საწარმომდე – ნანიკო ქავთარაძის წარმატების გზა

ჩვენ განსაკუთრებით გვიყვარს ის შემთხვევები, როდესაც რაღაც განსაკუთრებულის შესახებ უნდა გიამბოთ. დღეს სწორედ ეს შემთხვევაა.

ნანიკო ქავთარაძის ამბავი ბრძოლისა და თავდაუზოგავი შრომის ისტორიაა კეთილი დასასრულით. თუ როგორ გაიარა პატარა გოგონამ ძალიან რთული და გრძელი გზა, ბებიის დანატოვარი საკერავი მანქანიდან საკუთარ საწარმომდე.

კომპანია „ნანიკო ქავთარა“, რომელიც 2008 წელს შეიქმნა, დღეს პუფებს და რბილ ავეჯს ამზადებს, უტარებს მათ რესტავრაციას, ასევე ამზადებს გარე ავეჯს, ჰამაკებს, სარეკლამო ჩანთებს და ა.შ.

ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო. თავიდან დიზაინერი იყო და მის მიერ შეკერილი კაბების ჩვენებას საკუთარი სახლის მეოთხე სართულზე აწყობდა. უფრო ადრე თოჯინებისთვის კერავდა ტანსაცმელს.

მოკლედ, ბევრი რამ მოსინჯა და საბოლოოდ მივიდა იქ, რაზეც დღეს თავად უნდა მოგიყვეთ.

(ნანიკო ქავთარაძე) – ბავშვობიდანვე მაინტერესებდა ყველაფერი, რაც კერვას ეხებოდა. ბებიაჩემი მკერავი იყო და სახლში ძალიან ბევრი ნაჭერი გვქონდა. თავიდან სათამაშოებისთვის დავიწყე ტანსაცმლის შეკერვა, შემდეგ კი, ადამიანებისთვის გავაგრძელე. ფასანაურში დიდი სახლი გვაქვს, რომელის მეოთხე სართულზეც ჩემ მიერ შეკერილი ტანსაცმლის ჩვენებებს ვაწყობდი.

ამ საქმეს პროფესიონალური შესწავლა მაშინ დავიწყე, როცა 17 წლის ვიყავი. თბილისში დიზაინერ მაია ბაქრაძესთან მეზობლად მოვხვდი. რადგანაც კერვა ჩემი სფერო იყო, დავინტერესდი და მის დამხმარედ დავიწყე მუშაობა. ეს საქმეც სწორედ მაიამ შემასწავლა. ქარგვა და თექაზე მუშაობაც მან მასწავლა. მოკლედ, ყველაფერზე ვმუშაობდი.

შემდეგ აღმოვჩნდი ისეთ გარემოში, სადაც ჩემი ახლობლები დივნებსა და სავარძლებს ამზადებდნენ. ამ საქმემაც დამაინტერესა და გადავწყვიტე, პუფების დამზადება დამეწყო. რადგან სახსრები არ მქონდა, რომ ბევრი მეწარმოებინა, არც ხელოსანი მყავდა და არც მკერავი, შესაბამისი საკერავი მანქანაც კი არ მქონდა, გადავწყვიტე, პუფებისთვის დერმატინი ბებიის ძველი ხელის საკერავი მანქანით შემეკერა. იმის საშუალებაც არ მქონდა, რომ მანქანისთვის ელექტროძრავი შემეძინა, რომელიც 35 ლარი ღირდა. ამიტომ, მე თავად ვყიდულობდი მასალას და ხელის საკერავი მანქანით ვკერავდი.

ჩემ მიერ დამზადებული პუფების ჩაბარება „საბაში“ დავიწყე. ძალიან მინდოდა, ამ საქმეში მრავალფეროვნება შემომეტანა, მაგრამ რადგან, როგორც უკვე გითხარით, სახსრები არ გამაჩნდა, თითოეულ მასალასა და თითოეულ დეტალს ვიყენებდი. მოვიგონე ჭრელი დიზაინი, რამაც ძალიან გაამართლა და გაყიდვები საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა. უბრალოდ, ყველაფრის მარტო კეთება მიხდებოდა, რაც ძალიან დიდ დროს მოითხოვდა. არც იმის საშუალება მქონდა, რომ დასრულებული პუფი მაღაზიაში ტაქსით წამეღო, ამიტომ ავტობუსს ველოდებოდი და ხელით დამქონდა.

-რამდენად რთული იყო ასეთ პირობებში მუშაობა?

-ძალიან რთული იყო. ორსულად რომ ვიყავი, 9 თვის მანძილზე გაუჩერებლად ვმუშაობდი, რადგან ვიცოდი, ვერავინ შემინახავდა და ბავშვისთვის ბევრი რამ მჭირდებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ 1 დღე დავისვენე საავადმყოფოში. ისიც მაშინ, როცა უკვე ბავშვი უნდა გამეჩინა.

შემდეგ ჩემმა დამ კარგი საკერავი მანქანა მაჩუქა/ ცალი ფეხი საკერავ მანქანაზე მქონდა, ცალით – ბავშვს ვარწევდი. კლიენტები სახლში მოდიოდნენ და სხვადასხვა შეკვეთაზე ვმუშაობდი. რადგან დილეტანტი და გამოუცდელი ვიყავი, არც ფასები ვიცოდი, თუ რა უნდა შემეთავაზებინა კლეიენტებისთვის. აქედან გამომდინარე, ძალიან დაბალ ფასს ვეუბნებოდი. ვინც ხედავდა, თუ როგორ ვწვალობდი, ძალიან ხშირად იმაზე მეტ თანხას იხდიდნენ, ვიდრე მე ვეუბნებოდი.

-როგორ გგონია, რისი წყალობით მოახერხა პატარა, გამოუცდელმა ნანიკომ აქამდე მოსვლა და იმ კონკურენციის დაძლევა, რომელიც ბაზარზე არსებობდა?

-დღეს ყველგან ძალიან დიდი კონკურენციაა, განსაკუთრებით, ჩემს სფეროში. ვინც დივნებსა და სავარძლებს ამზადებს, იმისთვის პუფი ძალიან მარტივი გასაკეთებელია. საკმაოდ ხშირი იყო ჩემთვის მობაძვის ან ფასების ხელოვნურად დაგდების შემთხვევა, თუმცა, ჩემი აზრით, ყველაფერს იმიტომ გავუმკლავდი, რომ რთულ შეკვეთებს ვიღებდი. ისეთებს, რომლებზეც სხვები უარს ამბობდნენ და თავს არ იწუხებდნენ. მაგალითად, ვიღაცას სურდა, არა მრგვალი ან ოთხკუთხედი, არამედ სხვა ფორმისა და დიზაინის პუფი. ასევე, ვამზადებდი სხვადასხვა ტიპის რბილ ავეჯს. არასდროს ვუშინდებოდი იმ სირთულეებს, რომელთა წინაშეც ვდგებოდი.


გაიგეთ მეტი „ნანიკო ქავთარას“ შესახებ: https://www.facebook.com/nanikokavtara/


-მეორე მხრივ, სირთულეების გადალახვა ადამიანს უფრო მეტ ძალასა და გამოცდილებას აძლევს. თქვენ რა მოგცათ ამ ყველაფერმა?

-მე სწორედ ამან გადამარჩინა. არა თუ კონკურენტებმა ჩამძირეს, არამედ უფრო მეტად გავძლიერდი. ახლა ისეთ შეკვეთებს ვასრულებ და იმდენი კლიენტი მყავს, რომ როგორც არ უნდა შემიშალონ ხელი, მე მაინც თამაშში ვიქნები. დღეს ძალიან მყარად ვდგავარ. იმდენად, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსაც კი ვამარაგებთ ჩვენი პროდუქციით.

-მას შემდეგ 10 წელზე მეტი გავიდა. დღეს უკვე საკუთარი საწარმო გაქვთ, თუმცა კომპანიის მართვის გარდა, არც იმ ფიზიკურ სამუშაოზე ამბობთ უარს, რითიც ერთ დროს ყველაფერი დაიწყო. როგორც ვიცით, ავეჯის დამზადების პროცესში უშუალოდ ხართ ჩართული…

-რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვმუშაობ იმ შეკვეთაზე, რომლის მოსასწრებადაც ჩემს გუნდს დამატებითი ძალა სჭირდება. უპასუხისმგებლობა არ მიყვარს, ამიტომ თუ ადამიანს შევპირდები, რომ მისი შეკვეთა მზად იქნება, ღამის გათენებაც რომ მომიწიოს, ჩემი ხელით მივიყვან საქმეს ბოლომდე. ამის გამო, მომხმარებლები პატივისცემით მეპყრობიან. ალბათ, ამ ხასიათმაც შემინარჩუნა ძალიან ბევრი კლიენტი.

-დღეის მდგომარეობით, რამდენი ადამიანი ხართ კომპანიაში და სად მდებარეობს თქვენი საწარმო?

-ახლა 13 ადამიანი ვართ. საწარმო ფეიქრებზე მაქვს, რომელიც სესხით ვიყიდე. დიდი ხანია, მიშენება მინდა, რათა გავფართოვდე და დივნებისა და სავარძლების წარმოებაც დავიწყო, თუმცა ნებართვას არ მაძლევენ. ირგვლივ ყველას აქვს მიშენება. 60 კვ.მ. მიწა მაქვს და მინდა, ეს ადგილი გამოვიყენო. გარდა იმისა, რომ ეს ტერიტორია უფრო მოვლილი და ლამაზი იქნება, გაფართოების შემთხვევაში, სხვა ადამიანებსაც ხომ დავასაქმებ… 3 წელია, ვითხოვ ამის უფლებას დედაქალაქის მერიისგან.

საწარმოს გარდა, საკუთარი მაღაზია მაქვს სავაჭრო ცენტრ „საბაში“, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს და როგორც საცალოდ, ასევე, საბითუმოდ იყიდოს ჩვენი პროდუქცია.

-ვინც ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს, გაქვთ თუ არა მათთვის მიტანის სერვისი ან სხვა დამატებითი მომსახურება?

-დიახ, მიტანის სერვისი გვაქვს, მაგრამ, ამასთან ერთად, მომხმარებელს უკვე ერთ განსხვავებულ და საჭირო მომსახურებასაც ვთავაზობთ. ახლახან ავიყვანეთ ინტერიერის დიზაინერი, რომელიც ადამიანებს ეხმარება, ზუსტად აირჩიონ ისეთი ავეჯი, რომელიც მათ სახლს მოუხდება. ხშირად მათ არ იციან, თუ რა ფერის, სტილისა და ზომის ავეჯი იქნება მათ შემთხვევაში უკეთესი და ჩვენ გვთხოვენ დახმარებას.

-რა მასალებს იყენებთ მუშაობისას?

-ვცდილობთ, ყოველთვის მაღალი ხარისხის და შესაბამისად, შედარებით მაღალფასიანი მასალა გამოვიყენოთ, მაგრამ მოთხოვნიდან გამომდინარე, დაბალფასიანი არჩევანიც გვაქვს. ნებისმიერი კლიენტის მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ.

-რამდენად საინტერესოა ის საქმე, რომელსაც აკეთებთ?

-სიმართლე გითხრათ, ეს საქმე ძალიან საინტერესო შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ყოველდღიურ თვითგანვითარებაზე მუშაობას გულისხმობს. ადამიანები გამუდმებით სიახლეს ითხოვენ და თავიდან გვიწევს იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ყველაფერი. ჯერ კონსტრუქცია უნდა მოიფიქრო, შემდეგ დარბილებაზე იმუშაო და ტყავი ისე გადაჭიმო, რომ ზუსტად კლიენტისთვის სასურველი შედეგი მიიღო.

-დივნებისა და სავარძლების დამზადების კუთხით, საწარმოს გაფართოების გარდა, რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

-ახალხან დავიწყე ნატურალურ ტყავზე მუშაობა და ვცდილობ, ეს საქმე კარგად შევისწავლო. ვაპირებ, ტყავის აქსესუარების აქტიური წარმოებაც დავიწყო და ჩემი კომპანია ამ მიმართულებითაც გავაფართოო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები