უნიკალური ქართული წარწერა ისრაელში-“ესე სამარხოი იოჰანე ფურტაველი ეპისკოპოსისაი ქართველისაი”

საქართველოს ელჩი ისრაელში ბატონი ლაშა ჟვანია ხშირად გვანებივრებს საინტერესო  პოსტებით, ფოტო და ვიდეო მასალით, გამონაკლისი არც დღევანდელი ამბავია, სადაც მოთხრობილია იერუსალიმში აღმოჩენილ V საუკუნის საფლავის ქვის მოკლე უნიკალურ ქართულ წარწერაზე.

„მცირერიცხოვანი ერი და პატარა სახელმწიფო ვართ, მაგრამ საუკუნეების მანძილზე, ჩვენს მიერ შექმნილი კულტურა დღემდე აოცებს მსოფლიოს და ჩვენ მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. იერუსალიმი ამის ერთ-ერთი მკაფიო დადასტურებაა.

2002 წელს, იერუსალიმში აღმოჩენილი V საუკუნის საფლავის ქვის მოკლე უნიკალური ქართული წარწერა –  “ესე სამარხოი იოჰანე ფურტაველი ეპისკოპოსისაი ქართველისაი”, ბევრ ინფორმაციას გვაწვდის, მაგრამ უნიკალური ორი მიზეზითაა – ეს არის საქართველოს ფარგლებს გარეთ ნაპოვნი ყველაზე ძველი ქართული წარწერა და შესაბამისად, წარწერაში ნახსენები ეროვნების აღმნიშვნელი ტერმინი “ქართველი” ყველაზე ძველია წარწერებს შორის.

ის ფაქტი, რომ იერუსალიმის გარშემო ქართველები მყარად იყვნენ წარმოდგენილი და წმინდა მიწის მდიდარი კულტურის შექმნაში წამყვანი ადგილი ეკავათ, არა მხოლოდ ჩვენი საისტორიო წყაროებითაა ცნობილი – X საუკუნეში იმპერატორი კონსტანტინე VII თავის თხზულებაში “იერუსალიმის თემების შესახებ”, წერს, როგორი დიდი მოწიწება ჰქონდათ იბერიელებს წმიდა მიწის მიმართ: “რადგან ისინი, როგორც თვითონ ამბობენ, იერუსალიმიდან შთამომავლობენ”.

ხოლო ნაზარეთის ბერძენი მიტროპოლიტი კლეოპა (კიკილიდისი) ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წელს იერუსალიმში გამომავალ იერუსალიმის საპატრიარქოს ოფიციალურ გამოცემაში წერს:

“დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ წმიდა მიწა არცერთ სხვა ხალხს არ შეუყვარებია ისე, როგორც ქართველებს, და არც უშრომია მისი წმიდა სალოცავების გადასარჩენად და დასაცავად, როდესაც ისინი პოლიტიკურად ძლიერნი იყვნენ”.

ეს და სხვა ბევრი მიზეზია, რის გამოც ისრაელის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს ტერიტორიაზე განთავსებულ წმინდა მიწის კულტურული მემკვიდრეობის საგამოფენო სივრცეში ცენტრალური ადგილი V საუკუნის ქართულ წარწერას უკავია.

ისრაელის ქნესეთის – The Knesset – הכנסת გენერალურ დირექტორთან გილ სეგალთან ერთად, სწორედ ეს წარწერა მოვინახულეთ.

კიდე ბევრ ახალს შექმნის ქართველი ქვეყნის შიგნითაც და ჩვენს ახლობელ საზღვარგარეთშიც.“ – წერს საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები