მთელი ცხოვრება ემიგრაციაში – მხატვარ ვერა ფაღავას ცხოვრების გზა
ვერა ფაღავა 1907 წელს თბილისში დაიბადა. მამა გიორგი ფაღავა იურისტი იყო, დედა ალექსანდრა ნანეიშვილი კი ლიტერატურის პროფესორი. მათ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ მაშინდელი თბილისის ინტელექტუალები, კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი…. ამ გარემოცვამ, რა თქმა უნდა, ზეგავლენა მოახდინა ვერაზე.
1919 წელს ფაღავების ოჯახი, მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გაემგზავრა ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ გერმანიაში. 1923 წელს კი ისინი საფრანგეთში გადავიდნენ და საბოლოოდ მონტრუჟში დასახლდნენ. როგორც იმდროინდელ ემიგრანტთა უმრავლესობამ, ვერა ფაღავამაც მთელი ცხოვრება პარიზში გაატარა.
1932 -1939 წლებში მხატვარმა განათლება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამხატვრო სასწავლებელში – რანსონის აკადემიაში მიიღო. სწავლობდა როჯერ ბისიერის სტუდიაში, სადაც შეისწავლა ფერწერა და ფრესკის ტექნიკა.ქართველი ემიგრანტი მხატვარი – ვერა ფაღავა, საფრანგეთში ხელოვნების მოყვარულებმა 1944 წელს გაიცნეს, როდესაც ცნობილმა ფრანგმა გალერისტმა, ჟან ბიუშემ, მას და პიკასოს მეუღლეს, დორა მაარს, ერთობლივი გამოფენა მოუწყო. სწორედ აქედან დაიწყო ვერა ფაღავას გაცნობა ფართო საზოგადოებამ და მხატვარი მალევე გახდა აღიარებული ევროპულ სახელოვნებო წრეებში. გამოფენამ მაშინვე წარმატებას მიაღწია, მას მრავალი მნიშვნელოვანი მხატვარი ეწვია, მათ შორის პაბლო პიკასო და ჟორჟ ბრაკი.
50 – იანი წლები მეტად წარმატებული გამოდგა მხატვრისთვის. მან გაიცნო კოლექციონერები პიერ და კეტლინ გრანვილები, ასევე ჯოზეფ პიშარი, რომელმაც ვერა ფაღავა Salon d’Art Sacré -ში გამოფინა. ამ პერიოდში ვერა ფაღავა რეგულარულად იფინებოდა Salons de Mai-ს და Réalités Nouvelles-ს ექსპოებზე. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნების გალერეებში, მუზეუმებსა და ხელოვნების ბაზრობებზე: შვეიცარიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, დანიაში, გერმანიაში, იტალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ვერა ფაღავას აღიარებაზე მეტყველებს 1958 წელს ვატიკანის დაკვეთით, ბრიუსელის მსოფლიო გამოფენისთვის Saint-Siège-ის ეკლესიისთვის ხეზე შესრულებული ფრესკა -„ამაღლება“1986 წელს მან შეასრულა ასევე ვიტრაჟებისა და ავეჯის სერია დიჟონის წმინდა ჯოზეფის ეკლესიისთვის.ვერა ფაღავამ საფრანგეთში, ემიგრანტებისთვის რთულად მისაღწევი წარმატება მოიპოვა. 1966 წელს, ვენეციის 33-ე ბიენალეზე საფრანგეთის პავილიონი ვერა ფაღავას შემოქმედებით იყო წარმოდგენილი. 1972 წელს, პარიზში, მისი გამოფენით გაიხსნა ქართველი ემიგრანტის, თამარ წულაძის გალერეა “დარიალი”. მხატვარი მთელი ცხოვრების განმავლობაში თანამშრომლობდა ამ გალერეასთან.
1982 და 1983 წლებში მისი ნამუშევრების რეტროსპექტული გამოფენა გაიმართა დიჟონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ბოვეს მუზეუმში, სენ-დენის მუზეუმში და სახვითი ხელოვნების მუზეუმში. ვერა ფაღავამ მთელი თავისი ცხოვრება გაატარა მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში. ის ცხოვრობდა მონრუჟში, ასევე ქართველ ემიგრანტ მხატვარ, ვანო ენუქიძესთან ერთად, რომელიც მისი ცხოვრების ერთგული თანამგზავრიც იყო.
ვერა ფაღავა გარდაიცვალა1988 წლის 25 მარტს, დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.აღსანიშნავია ის, რომ დღეს მისი ხელოვნება კვლავ აქტუალურია, რაზეც მეტყველებს ბოლო წლებში ორგანიზებული მხატვრის პერსონალური და ჯგუფური გამოფენები. გალერეა შარდენში 2021 წლის 16 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე, გაიმართება ქართველი ემიგრანტი მხატვრის, ვერა ფაღავას პერსონალური გამოფენა.
წყარო: Chardin Art Gallery – გალერეა შარდენი