ალიკანტეს მოქმედმა დიასპორამ ღონისძიება “იბერიიდან იბერიამდე” გამართა

პროექტის – “იბერიიდან იბერიამდე” ფარგლებში, რომელიც საქართველოს ისტორიის, ენის, ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას ითვალისწინებს, ალიკანტეს მოქმედმა დიასპორამ მორიგი ღონისძიება გამართა.

ღონისძიება ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. ჩატარდა ქართული დამწერლობის მასტერ-კლასი.

„აღნიშნული მასტერ-კლასი გათვალისწინებულია უცხოელი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ვაზიარებთ ჩვენი ენის სილამაზესა და სიმდიდრეს, უძველეს წარმომავლობას, რითაც ესოდენ ვამაყობთ. ამაში დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენს პატარა ქართველებს, ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს, ისინი ეპატიჟებიან ესპანელ მეგობრებს და ასწავლიან ქართულ ანბანს (იდეაც მივაწოდეთ, რომ საიდუმლო მიმოწერებისთვის ქართული ალფაბეტი გამოიყენონ, რაც გარეშე თვალისთვის სრულიად გაუგებარი იქნება), ასევე ლათინური ასოების შესაბამისად, ისინი ცდილობენ ცალკეული სიტყვების დაწერას. მოვაწყვეთ, აგრეთვე, შემოდგომის დღესასწაული. ვაჩვენეთ, როგორ ხდება ჩურჩხელას ამოვლება, ერთად ავასხით ნიგვზის ლებნები, მოვადუღეთ თათარა. ბავშვები ამ ყველაფერს დიდი ინტერესით ეცნობოდნენ და ჩვენი პატარა ქართველებიც ამაყობდნენ იმით, რომ მათმა თანატოლებმა და მეგობრებმა შეიტყვეს, თუ რა ძირძველი ტრადიციებისა და დიდი კულტურის ქვეყნის შვილები ვართ, და რომ ჩვენგანაც უამრავი რამის სწავლა შეიძლება.

სამწუხაროდ, კოვიდ-რეგულაციების გამო, დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იყო, რის გამოც ღონისძიება მომავალ შაბათსაც ჩატარდება.“ – ნათქვამია Cultura Diaspora Georgiana- ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები