“ჩვენ, ქართველები, ჩიტები ვყოფილვართ. ჩიტები ვიყავით და მოგვატყუეს..” 10 ნოემბერი აკა მორჩილაძის დაბადების დღეა

1966 წლის 10 ნოემბერს  პოსტმოდერნისტი მწერალი, ისტორიკოსი და სცენარისტი. ლიტერატურული პრემია „საბას“ ექვსგზის ლაურეატი- აკა მორჩილაძე (გიო ახვლედიანი) დაიბადა. „ჩვენთან მწერლად ყოფნა სულ სხვა რამეა, დანარჩენ მსოფლიოში კი, სულ სხვა. ამიტომ, მე მწერლად თავს ვერ ჩავთვლი. ჩემის მოკლე ჭკუით, ამას ისა სჯობს, რომ აღიარო, წერა მსიამოვნებს და ვწერ, ვინაიდან ამის უფლება ყველას აქვს-თქო.“მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს არაერთ ენაზე, აკა მორჩილაძის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია რამდენიმე ფილმი

ნაწყვეტი აკა მორჩილაძის წერილიდან  „მეფე და მე“ (ავტობიოგრაფია)

„მე ვარ უბედური ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ნაირგვარი ღირსების თხელ-თხელ წიგნებს წერს და ახლა ამ ქვეყნიდან ძალიან შორს არის, სხვა ქვეყანაში, სადაც შუქის ფულს მეზობლისგან არ სესხულობს ხოლმე. ამბები აქეთ ექოდ უფრო აღწევს ხოლმე, საკომპიუტერო ხაზები ცუდია და ტელეარხების დაჭერა ჭირს. რაღაც ნაწყვეტებს თუ მოვკრავ ყურს.

ყველა ჩემი წინაპარი გლეხი იყო, უკანასკნელ სამას წელიწადს მაინც. მანამდე აზნაურებიც რევიათ და დადიანის ძროხის მკვლელობის გამო, ანუ დადიანთან ქიშპობის გამო გაუგლეხებიათ. ამ აბდაუბდის წერა გაუთავებლად შემიძლია, რადგან მეფეებზე წერა და ლაპარაკი დიდ იდიოტობად მიმაჩნია. ჩემთვის, რა თქმა უნდა.

ერთხელ, როცა კიტოვანის გვარდია რკონში გავიდა და გვარდიის სხვა ნაწილებმა კი გამსახურდიას უერთგულეს, მთავრობის სახლთან ხალხი ირეოდა: უფრო ამბის გასაგებად, ვიდრე მიტინგის მოსაწყობად. იქ მოვხვდით მე და ჩემი ამხანაგი და იქვე ერთი შავებში ჩაცმული პატარა ხნიერი ქალიც იყო. გამოკითხვა-ლაპარაკში გვითხრა, შვილო, ახალგაზრდების სიცოცხლის გამო მეშინიაო, ძალიან მეშინიაო, ამბობენ ომი მოხდება და ისევ მეფე ჩამოვაო. ახ, რა მტკიცედ დავარწმუნეთ, რომ მისი წინააღმდეგიც ვიყავით. რას ამბობ, დედი-თქო, ეგ ხომ უკვე გამოვიარეთ-თქო, ვინ ჩამოუშვებს-თქო, ჩვენ გვიჩვენ გვინდა რო საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული იყოს-თქო. ბიჭები ვიყავით. თუმცა რაღა ბიჭი, ერთი შვილი კი მყავდა უკვე.

ის ქალი მერე იჯდა დელისთან და პატარა მუყაოს ყუთში ნამცხვრები ელაგა. იქით ვმუშაობდი და ყოველდღე მიწევდა მის წინ გავლა. მიწა გამსკდომოდა, მერჩია, ახლაც სირცხვილისგან არ ვიცი, სად დავიმალო. მაშინ, მთავრობის სახლთან, დაღუპული შვილის სურათი გვაჩვენა და კარგად დამამახსოვრდა ეს საბრალო ქალი. როგორ შევხედავდი? ეს რომ ვუთხარი, იმის მერე ხომ მეფის დამკვირვებლად გამამწესეს სამსახურიდან. ყველანი გაგვამწესეს ბიჭები, ნაირგვარ უბნებზე. რომელი მებრძოლი ვარ? წავედი. ჩემი უბანი იყო ონკოლოგიური საავადმყოფო, საიდანაც გვიან ღამით ფეხით დავბრუნდით მთა-მთა მე და ერთი პატიოსანი ექიმი. დიდი მადლობელი ვარ ამ დღისათვის. ნამდვილი სირცხვილი ვისწავლე, ნამდვილად მომაკვდავი ადამიანები ვნახე, რომელთაც საარჩევნო ყუთს ჩრიდნენ. ეს სიმწარე დაუვიწყარია. როგორღა შემეხედა იმ კეთილი ქვრივისთვის თვალებში?

უკვე ისევ მეფობა იყო. ჩავუვლიდი, გავიხედავდი განზე და გამახსენდებოდა, როგორ მოვატყუე. კარგა მაგარი სილა ვჭამეთ. მე ვჭამე და თქვენი არ ვიცი. სილა კიდე ის სიტყვა არ არის. ის ქალი აღარ დამინახია ბოლო დროს. ვიხოცებით ქართველები.მე ერთ რამეს მივხვდი: ჩვენ, ქართველები, ჩიტები ვყოფილვართ. ჩიტები ვიყავით და მოგვატყუეს, მიგვიჩვიეს საკენკით, აგერ მოდი, ეს მოკენკე ბიძიაო და ამ კენკვა-კენკვაში ფრენა დაგვავიწყდა. სულ მიწაზე ვიყავით და ფრენა რაღაში გვინდოდა. ქათმებად გადავიქეცით. ქათამს კიდევ აჭმევენ, კვერცხს აართმევენ და მერე კიდევ კოხტადაც დაკლავენ. გიყურებიათ ხომ ქათმის დაკვლისთვის: თავი კუნძზე და ნაჯახი. ბასრიც არ არის სავალდებულო.

როგორია, რო მიხვდები, რომ ქათამი ხარ?მე მჯერა, რომ ჩვენ ჩიტები ვიყავით და ქათმებად გადაგვაქციეს. მაგრამ ქათამსაც შეუძლია გაფრინდეს, თუ ძალიან ეცდება. ბევრს იწვალებს, მაგრამ მაინც. მერე ეგებ წიწილებსაც ასწავლოს. ეს ძველმოდური შედარებაა, მაგრამ ასეა…”

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები