„საქართველო ღვინის სამშობლო“ იტალიაში ღვინის ფესტივალზე ფილმის ჩვენება გაიმართა
ტრენტინო-ალტო ადიჯეში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა იტალიაში კონსტანტინე სურგულაძემ მონაწილეობა მიიღო ქალაქ მერანოს საერთაშორისო ღვინის ფესტივალში. წელს, რიგით ოცდამეათე ფესტივალზე საქართველოდან წარმოდგენილი იყო 2021 წელს გამარჯვებულ ოქროს მედალოსან მცირე მეწარმეთა პროდუქცია და 16-ე საუკუნის ქვევრი.
ფესტივალზე მოეწყო სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის ჩვენება. „საქართველო ღვინის სამშობლო“ფილმი იმ საერთაშორისო კვლევას ეძღვნება, რომელმაც ისტორიული აღმოჩენა გააკეთა და მეცნიერულად დაასაბუთა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ სწორედ ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ღვინის პირველი წარმოება, რაც უწყვეტად გაგრძელდა თანამედროვეობამდე.
აღსანიშნავია, რომ მერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში პირველად ჩატარდა ქვევრის ღვინის სიმპოზიუმი, რომელიც ქალაქის მთავარ თეატრ „Puccini“-ში გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა, ფესტივალის პრეზიდენტმა ჰელმუტ კოხერმა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ დირექტორმა თინა კეზელმა.
“სიტყვით გამოსვლისას, კონსტანტინე სურგულაძემ ისაუბრა ქართული ღვინის უნიკალურობასა და მისი დაყენების უძველეს ტრადიციულ მეთოდზე, რომელიც UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია შესული. ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ტრენტინო-ალტო ადიჯესა და საქართველოს შორის არსებულ დიდი ხნის მეგობრობასა და კავშირებს, რისი ერთ-ერთი დასტურიც არის საქართველოს 15 წლიანი მონაწილეობა მერანოს ღვინის ფესტივალში” აღნიშნულია იტალიაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.