აპოლონ ბალანჩივაძის ისტორია

ქართული საოპერო მუსიკის ჩამოყალიბებაში და მსოფლიო კულტურის განვითარებაში ბალანჩივაძეების დინასტიას დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

აპოლონ ბალანჩივაძე, რომელიც ვერ გადაურჩა ბოლშევიკების დევნას,  ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებლისა და სახალხო არტისტის, მელიტონ ბალანჩივაძის ვაჟი გახლდათ. პირველი ქორწინებიდან მელიტონ ბალანჩივაძეს ორი შვილი ჰყავდა, აპოლონი და ნინა ბალანჩივაძეები.  მიუხედავად მელიტონ ბალანჩივაძის  ქვეყნისადმი დიდი დამსახურებისა, აპოლონი  მაინც დააპატიმრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია აპოლონ  ბალანჩივაძის სისხლის სამართლის საქმე. 1928 წლით დათარიღებული საბრალდებო დასკვნის მიხედვით, იგი  გასაბჭოების შემდეგ მსახურობდა შრომის ბირჟასთან არსებულ უმუშევარ კონდიტერთა კოლექტივის გამგის მოადგილედ, 1924 წელს ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ა. ბალანჩივაძე ქ. ფოთში დააპატიმრა და გაასამართლა. საქმეში ვკითხულობთ:  „მოქალაქე აპოლონ მელიტონის ძე ბალანჩივაძე 42 წლის, დაბადებული ქუთაისის მაზრის სოფ. ბანოჯაში, მცხოვრები ქალაქ თბილისში, უპარტიო, საშუალო განათლებით. აღნიშნული პიროვნებით გამოძიება  დაინტერესდა და დაადგინა, რომ უმცროსი ოფიცერი ბალანჩივაძე რევოლუციამდე  მოხალისედ მსახურობდა ჟანდარმთა კორპუსში, რომლის დასრულების შემდეგაც დაინიშნა ადიუტანტად უფის ჟანდარმერიის სამსახურში. მალევე იგი გადაიყვანეს ოფიცრის პოზიციაზე პეტროგრად-ფინეთის სადგურის გასაძლიერებლად“…  აპოლონ ბალანჩივაძემ პოზიცია რამდენჯერმე შეიცვალა, მოგვიანებით გადაყვანილი იყო ფინეთის რკინიგზის სადგურის ჟანდარმერიის პოლიციის განყოფილებაში ადიუტანტის პოზიციაზე. დაკითხვაზე მან არ გაამხილა, რომ რევოლუციამდე მსახურობდა ჟანდარმერიაში სხვადასხვა პოზიციაზე, რომ ცხოვრობდა თეთრარმიელთა ტერიტორიაზე და საყოველთაო რეგისტრაციაზე არ გამოცხადდა. აპოლონ ბალანჩივაძეს, როგორც ყოფილ თეთრგვარდიელ ოფიცერს მიესაჯა სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში 5 წლით გადასახლება. მოგვიანებით სასჯელი შეუმცირდა 3 წლამდე ვადით. გადასახლებიდან დაბრუნებული სახელმწიფო სამსახურს აღარ დაბრუნებია. მან სასულიერო გზა აირჩია, გახდა მღვდელი და დარჩენილი ცხოვრება ქალაქ ქუთაისში, ღვთისმსახურებაში გაატარა. დაკრძალულია ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის ეზოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები