“რა აკლია ქართველს”

საქართველოში ფსიქოლოგიური მეცნიერების ფუძემდებლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებლის და პირველი შემადგენლობის აკადემიკოსის, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის – დიმიტრი უზნაძის შეფასება რა გვაკლია ქართველებს.

რა აკლია ქართველს – “დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა, პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა, – ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება – ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს.

პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება. ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით. …საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია; უამისობაა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს. აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული.

მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი იმიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები