შვედეთში გვანცა მეფარიშვილის ფილმის პრემიერა შედგა
შვედეთში, უპსალას მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გვანცა მეფარიშვილის ფილმის „ნომერი 26“პრემიერა შედგა. ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ შვედეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული და უპსალას მერი ევა ედვარდსონი.
უპსალას მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 1982 დაარსდა შვედეთის საუნივერსიტეტო ქალაქ უპსალაში. იგი შვედეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კინოღონისძიებად მიიჩნევა.უპსალას პროგრამერებმა გვანცას ფილმი 6500 პროექტს შორის შეარჩიეს საკონკურსო სექციაში „Hidden messages” – „დაფარული მესიჯები“.
ფილმში მთავარ როლს არაპროფესიონალი მსახიობი პაპუნა ქორიძე ასრულებს რომელმაც სათხილამურო სკოლის მწვრთნელის როლი განასახიერა. ასევე მონაწილეობენ მსახიობი ნინი იაშვილი, გიორგი დავითური, ლევან ბუთხუზი, ნიკუშა გამეზარდაშვილი, ნანიკო ახვლედიანი, ირაკლი ღვთისიაშვილი.