ინფორმაცია კუბაში დაწესებული რეგულაციების შესახებ

კუბის ტურიზმის სექტორი მიმდინარე წლის 15 ნოემბერს ქვეყნის საზღვრების გახსნისთვის ემზადება. თავდაპირველი გეგმის თანახმად, აღნიშნული თარიღისთვის კუბის მოსახლეობის 90% უნდა იყოს აცრილი. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ტურიზმის სექტორში მომუშავეებს, საბაჟო, საიმიგრაციო სამსახურების თანამშრომლებს, ასევე ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს 15 ნოემბრამდე კუბური ვაქცინის დამატებითი გამაძლიერებელი დოზა გაუკეთდებათ.საქართველოს საელჩო ჰავანაში მოქალაქეებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ რეგულაციებს.

ვირუსის აქტიური გავრცელების ფაზაში მიღებული საერთაშორისო სანიტარული კონტროლის ზომები, დღეისათვის მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, ეტაპობრივად უფრო მოქნილი ხდება და გულისხმობს შემდეგს:

7 ნოემბრიდან იხსნება სავალდებულო კარანტინი საერთაშორისო მგზავრთათვის, ასევე სრულდება PCR ტესტირება საზღვრის კვეთისას; ყველა საერთაშორისო მგზავრი, ქვეყანაში შემოსვლისას, ვალდებულია წარადგინოს ჯანმრთელობის პასპორტი ან, შესაბამისი მარეგულირებელი სააგენტოების მიერ გაცემული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატი;

იმ მგზავრებმა, რომელთაც არ ექნებათ ზემოხსენებული დოკუმენტები საზღვრის კვეთის მომენტისთვის, უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტირების უარყოფითი პასუხი; 12 წლამდე ბავშვები, მიუხედავად ეროვნებისა, კუბის საზღვრის კვეთისას, თავისუფლდებიან ვაქცინაციის სერთიფიკატისა თუ PCR ტესტირების უარყოფითი პასუხის წარდგენისგან;

პირბადის ტარება აეროპორტებსა თუ საპორტო ტერმინალებში ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში, სავალდებულო რჩება; საერთაშორისო სანიტარული კონტროლის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა შენარჩუნდება ქვეყანაში შემოსვლის ყველა პუნქტში: პორტებში, აეროპორტებში, იახტების მისადგომებთან;

ყველა საერთაშორისო მგზავრი, რომელსაც საზღვრის კვეთისას COVID-19-ის ან სხვა ინფექციური დაავადების სიმპტომები აღმოაჩნდება, მიმართული იქნებიან სპეციალურად გამოყოფილ სამედიცინო დაწესებულებებში და ჩაუტარდებათ PCR ტესტირება;

სასტუმროებში ტურისტებზე იწარმოებს ეპიდემიოლოგიური მეთვალყურეობა; ამ მიზნით გაძლიერებულია სამედიცინო დახმარება ძირითადი სამედიცინო მოწყობილობების განთავსებით;

ტურისტებისთვის გასაქირავებელი სახლების მფლობელებს ეკისრებათ ვალდებულება გადაუდებლად შეატყობინონ ჯანდაცვის შესაბამის უწყებებს ნებისმიერი გამოვლენილი სიმპტომის თაობაზე;ჯანდაცვის შესაბამისი უწყებები ასევე შეინარჩუნებენ ეპიდემიოლოგიურ მეთვალყურეობას კერძო სახლებში მცხოვრებ ტურისტებზე, და დააწესებენ შეტყობინების გადაუდებელ ვალდებულებას სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში;

კუბის მოქალაქეთათვის, წესდება ვალდებულება ჩამოსვლიდან 48 სთ-ის განმავლობაში გამოცხადდნენ სამედიცინო დაწესებულებაში. ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, ტურისტული მომსახურების განმახორციელებელ ყველა ობიექტს ექნება ჰიგიენური და უსაფრთხო ტურიზმის უმაღლესი სერთიფიკატი (T+HS).

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები