საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა
საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოდან ესპანეთში პირდაპირი გზით მოხვედრა, ამ ეტაპზე კვირაში ერთი სიხშირით, მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაა შესაძლებელი.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებს ესპანეთში გამგზავრება ტურისტული მიზნითაც შეუძლიათ. პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით და პირიქით, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ასრულებს“, – აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.
პირველი რეისის 170-ვე მგზავრს ქუთაისის აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ასევე, სამი ქალაქის: 2 ნოემბრიდან ბერლინისა და ვენის, ხოლო 16 დეკემბრიდან აბუ-დაბის მიმართულებით დაიწყება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კვლავ დაემატება.