ქართველი ჯაშუში ქალის გზა პარტიზანობიდან სორბონის უნივერსიტეტის ლექტორობამდე 

ეროვნულ-განმათავუსფლებელი მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის, სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის ლეო კერესელიძის ერთადერთი ქალიშვილი, მარიამი, 1956 წელს მამიდას, ელენე კერესელიძე–გლურჯიძეს პერუდან გამოგზავნილ  წერილში სწერდა: „ჩემი აქ ცხოვრება, ე. ი. საზღვარგარეთ, სულ უმიზნოთ და უინტერესოდ მიმაჩნია. სხვა ჩემსავით ემიგრაციაში დაბადებული ადამიანი შეეჩვია სხვა ქვეყანას. მე არც ერთ ერს ვერ ვეგუები, არც სულიერად და არც აზროვნულად. მე მიზიდავს და მაინტერესებს მხოლოდ საქართველო, ის ხალხი რომელიც, მანდ ცხოვრობს“.

ლეო კერესელიძე, აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის გამო, 1906 წ. იძულებული გახდა შვეიცარიაში გახიზნულიყო. ჟენევაში გაიცნო მომავალი მეუღლე მართა (მარტა) ლეკულტრი, შვეიცარიული საათების განთქმული  ფირმის (“ჟაეგერ–ეჩოულტრე“ ) დამაარსებლისა და მფლობელის ქალიშვილი. ჟენევაშივე 1922 წლის 12 ივლისს დაიბადა მათი ერთადერთი ასული.

მარიამ კერესელიძეს მამა ისეთი სულისკვეთებით ზრდიდა, რომ ის უნდა ყოფილიყო მამის პოლიტიკური კურსის გამგრძელებელი და „თამარ მეფე“ თუ არა „ქართველი ჟანა დარკი“ მაინც. ქართული ბავშვობაშივე პარიზში  შეასწავლა მამამ. განათლება რომში „წმინდა მარიამის“ სახელობის მონასტერში მიიღო. კარგად ფლობდა როგორც ევროპულ, ასევე აღმოსავლურ ენებსაც. „წმინდა მარიამის“ სასწავლებლის დასრულების შემდეგ  მშობლებთან ერთად ჩრდილოეთ მაროკოში, ქალაქ ტანჟერში ცხოვრობდა. მაროკოში ლეო კერესელიძეს წმინდა სისხლის ცხენები ჰყავდა. მარიამი შესანიშნავი ცხენოსანი იყო. 17 წლისამ მაროკოს ტრადიციული, უდაბოს ხუთდღიანი ჯირითი იმდენად  მოკლე დროში დაამთავრა, რომ ყველა რეკორდი მოხსნა და მისი ფოტო იმდროინდელ ცნობილ ჟურნალებს ამშვენებდა. მარიამ კერესელიძე გატაცებული იყო ჟურნალისტიკითა და სიძველეთა კვლევით. ტანმაღალი, მუქ–თაფლისფერთვალება, გრძელი შავთმიანი და მომხიბლავი მარიამი მუდამ ყურადღების ცენტრში იყო. ის საკმაოდ საინტერესო პიროვნება გახლდათ, ფიზიკურად ძლიერი, მედგარი, მიზანდასახული, უაღრესად ნებისყოფიანი, მამას მუდმივად გვერდით ედგა, მის მრავალ საქმეთა შეუპოვარი თანამონაწილე გახლდათ და ქართველთა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.

1940 წელს ლეო კერესელიძემ ტანჟერი დატოვა და ჯერ საფრანგეთში, შემდეგ გერმანიაში გაემგზავრა. აქედან მოყოლებული მარიამ კერესელიძემ თანამშრობლობა დაიწყო ტანჟერში და ესპანეთის მაროკოში მოქმედ გერმანიის დაზვერვასთან. მის სამსახურეობრივ მოვალეობაში შედიოდა გერმანიის დაზვერვისთვის საინტერესო პირთა გადმობირება და მასთან კავშირზე მყოფი აგენტების მეშვეობით სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება. 1942 წელს მარიამი დედასთან ერთად ბერლინში გადავიდა. მამის დაჟინებული მოთხოვნით, ვუსტრაუს ტყვეთა ბანაკში ანტისაბჭოთა აგიტაციას ეწეოდა და მამის ინტერესთა გამტარებლად საქმიანობდა.

1943 წელს ბერლინის დბომბვისას ლეო კერსელიძე დაიღუპა. გერმანიაში მარიამს დაუახლოვდა საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული „შახოვსკი“ იგივე პავლე ვასილის ძე ჯორჯაძე, რომელსაც დავალებული ჰქონდა ანტისაბჭოთა ქართულ ემიგრაციაში შეღწევა და ხელსახყრელ მომენტში მისი ლიდერების განადგურება. „შახოვსკი სარგებლობდა“ მარიამის დიდი ავტორიტეტით და ნაცნობთა ფართო წრით, მაგრამ ქალმა ეჭვი შეიტანა მის კეთილსინდისიერებაში და საბოლოოდ ამხილა იგი.

1945 წ. 26 მარტს მარიამი დედასთან ერთად, ჩრდილოეთ იტალიაში გაემგზავრა, სადაც  შეუერთდა 150 იძულებით გადაადგილებულ თანამემამულეს. იტალიაში ჩამოყალიბებულ სათვისტომოში იგი ანტისაბჭოთა აგიტაციას ეწეოდა. მარიამის წერილებიდან ირკვევა, რომ ის იტალიაში პარტიზანების მხარდამხარ იბრძოდა: „ომის ბოლოს პარტიზანი ვიყავი იტალიის მთებში, წამიყვანია 600 ქართველი ბიჭი. გერმანელმა „ესესებმა“ კინაღამ დამხვრიტეს. მაგრამ როგორც იყო გადავრჩი. დედამ საშინელი დრო გაატარა, სულ მოელოდა ამბავს, რომ მკვდარი ვიყავი. მის შემდეგ რაღაც ჯილდო უნდოდათ მოეცათ, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. მანდ, იტალიის მთებში ქართველებს აღმერთებენ და ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ „ქართველების წყალობით და მარიამის წყალობით ჩვენ გადავრჩითო“.

ომის შემდეგ ბიძამ, დედის ძმამ, მარიამი და დედამისი შვეიცარიაში წაიყვანა. 1948 წელს მარიამი შვეიცარიის უნივერსიტეტში შევიდა და პარალელურად ევროპულ ენებს ასწავლიდა სკოლაში.

II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მარიამ კერსელიძეს დევნილობამ მოუწია, რომლის მიზეზიც  მეორე მსოფლიო ომში  ქართული პოლიტიკური ემიგრაციის გარკვეული ნაწილის, მათ შორის მამა–შვილ კერესელიძეების ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობა იყო. საბჭოთა კავშირი ევროპის მრავალ ქვეყანაში ინტენსიურად აწარმოებდა ფაშისტური გერმანიის მომხრე პოლიტიკური ემიგრანტების, ტყვედჩავარდნილებისა და გერმანიის მხარეზე გადასული საბჭოთა მეომრების დაჭერასა და დახვრეტას. მარიამ კერსელიძემ ქართულ პოლიტიკურ ემიგრციასთან ერთად სამხრეთ ამერიკას მიაშურა. დამკვიდრდა პერუში და კითხულობდა ლექციებს ლიმას უნივერსიტეტში. პერუში კეჩუას ენის შესწავლაც დაიწყო. მარიამს მამის თვისებებიდან სამწერლო ნიჭიც გამოჰყვა. მას ეკუთვნის ფრანგულ ენაზე დაწერილი მოგონებანი და ორი ესპანურენოვანი პიესა. მისი „ლეო კერელის“ ფსევდონიმით დაწერილი პიესა „მაიტა“ სცენაზეც დადგეს.

მარიამი მონაწილეობდა პერუში მიმდინარე რევოლუციურ პროცესებში და ოდესღაც საბჭოთა რეჟიმის მოწინააღმდეგე, სიცოცხლის ბოლოს მხარს უჭერდა კომუნისტებს, პატივს სცემდა ფიდელ კასტროს.

რევოლუციურ–პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულმა მარიამ კერესელიძემ ერთ–ერთკონფერენციაზე გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, წარმოშობით ესპანელი მანუელ ჰერერაასპაუზა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მანუელ ჰერერასთან ერთად პარიზში გაატარა. სორბონის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს მარიამ ჰერერას სახელით. ბოლო წლებში კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა როგორც ბიძამისის, გიორგი კერესელიძის, ასევე მამიდა ელენე გლურჯიძის შთამომავლებთან. გარდაიცვალა საფრანგეთში 2002 წლის თებერვალში.

მარიამ კერესელიძის ოცნება იყო, გარდაცვალების შემდეგ მისი ფერფლი გორში, კერესელიძეების საგვარეულო მიწას შერეოდა. ეს სურვილი მისმა მეუღლემ მანუელ ჰერერამ, პერუელმა რევოლუციონერმა, ნაწილობრივ შეასრულა. 2013 წლის 24 მაისს, საქართველოში ტურისტად ჩამოსულ მანუელ ჰერერეას ახლდა მეგობარი ქალი. საფრანგეთის მოქალაქეებმა გორში კერესელიძეების საგვარეულო საფლავს ვერ მიაგნეს. თითქმის ას წელს მიღწეული მანუელ ჰერერა იძულებული გახდა, გორის ცენტრში, სტალინის სახლ–მუზეუმის ეზოს მარჯვენა სვეტთან ჩაეფლო მარიამ კერესელიძის ფერფლი.

მარიამ კერესელიძის არქივი მანუელ ჰერერამ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა.

 

 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები