ქართულ ფილმებს კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე იხილავენ
კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინოღონისძიებად მიიჩნევა, წელს 2-7 ნოემბერს გაიმართება.
კინოფესტივალის მთავარ კონკურსში წარმოდგენილია საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე , ლევან კოღუაშვილის “მეოთხე ბრაიტონი”. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
„მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმი საქართველოს, ბულგარეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის კოპროდუქციაა. “მეოთხე ბრაიტონის“ ერთ-ერთი თანაპროდიუსერია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო თანადამფინანსებელი საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში გაიმართება ლუკა ბერაძის ფილმის ევროპული პრემიერა სახელწოდებით “ბოდიში დაგვიანებისთვის”. ფილმი ფართო აუდიტორიამ პირველად ბაკურიანის კინოფორუმის ფარგლებში იხილა, სადაც დადებითი შეფასება დაიმსახურა.