„აბრეშუმის გზა – თანამედროვე ხელოვნება და ხელოვანები იტალიიდან“ – გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში

28 ოქტომბრიდან საქართველოში იტალიის საელჩო ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენას „აბრეშუმის გზა. თანამედროვე ხელოვნება და ხელოვანები იტალიიდან“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იტალიელი ხელოვანების მიერ სხვადასხვა მედიასა და ტექნიკაში შესრულებული 38 ნამუშევარი. ეს გახლავთ საერთაშორისო გამოფენა, რომელიც მოგზაურობს აბრეშუმის გზის გავლით, საბოლოოდ კი ჩინეთში დასრულდება.

გამოფენა გვთავაზობს ექსტრაორდინალური იტალიური თანამედროვე ხელოვნების ერთგვარ პანორამას 1960-იანი წლების ბოლოდან დღემდე. დამთვალიერებელი გაეცნობა იტალიური ავანგარდული ხელოვნების ისეთ ავტორებს როგორებიც არიან: კარლა აკარდი, ენრიკო ბეი, მარია ლაი, მიქელანჯელო პისტოლეტო, იანის კუნელისი, მიმო პალადინო, ეტორე სპალეტი, ჯულიო პაოლინი, ლუიჯი ონტანი, ემილიო ისგრო. ასევე, იტალიური ფოტოგრაფიის თვალსაჩინო წარმომადგენლებს: მიმო იოდიჩე, გაბრიელე ბაზილიკო, ნინო მილიორი.

გამოფენა წარმოადგენს საქართველოსა და იტალიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას. 2017-2019 წლებში, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, თბილისის ორ მთავარ საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელმა არაერთი საერთაშორისო მასშტაბის გამოფენა იხილა. 2021 წლის მთავარი კულტურული მოვლენა კი პომპეის საგანძურის გამოფენა გახლდათ ჯერ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში, ახლა კი თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

„გამოფენა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტს (IGAV) შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და იმ ფართომასშტაბიანი კულტურული პროექტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც “აბრეშუმის გზის” გასწვრივ მდებარე ევროპისა და აზიის ქვეყნებს უკავშირდება. თბილისში ამ ექსპოზიციის წარდგენა იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გამართული გამოფენებისა და, ასევე, გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტთან თანამშრომლობის გაგრძელებაა. აქვე უნდა გავიხსენოთ გამოფენა “Evidence. A New State of Art”, რომელსაც 2018 წელს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულმა გალერეამ უმასპინძლა” – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები