ფესტივალ „East by Southeast“-ის ფარგლებში „დიდება დედოფალს“ აჩვენებენ
დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 9 ნოემბერს, 19 საათზე, დანიური ფილმის ინსტიტუტისა და დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით, კინო-ფესტივალ „East by Southeast“-ის ფარგლებში ნაჩვენები იქნება რეჟისორ თათია სხირტლაძის დოკუმენტური ფილმი „დიდება დედოფალს“ (Glory to the Queen).
ფილმი მოგვითხრობს ქართველი ქალი მოჭადრაკეების – ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის ცხოვრებისა და ასპარეზობის შესახებ.
გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისიდან ქართველ მოჭადრაკე ქალთა ოთხეული 30 წელზე მეტი დომინირებდა არამარტო მსოფლიო ქალთა საჭადრაკო სამყაროში, არამედ დღემდე წარმოადგენს ქალთა ემანსიპაციის სიმბოლოს საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ.
„ფილმის ჩვენების შემდეგ საქართველოს საელჩო უმასპინძლებს მცირე მიღებას, რომელზე დამსწრე საზოგადოებასაც საშუალება ექნება, ისაუბროს ქალთა ჭადრაკის ქართული სკოლის წარსულსა და აწმყოზე და ამავდროულად, დააგემოვნოს ქართული ღვინო.“ – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.