ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ვოკალისტთა I I საერთაშორისო კონკურსი – OPERA CROWN გაიმართება

1 ნოემბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით ოპერის თეატრში, თბილისის ვოკალისტთა II საერთაშორისო კონკურსი –  “OPERA CROWN” ჩატარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თბილისის ოპერის სცენაზე, 50 ახალგაზრდა მომღერალი მსოფლიოს 16 სხვადასხვა ქვეყნიდან (საქართველო, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, აშშ, კანადა, ყაზახეთი, თურქეთი, უკრაინა, პოლონეთი, ლატვია, რუსეთი, რუმინეთი, სომხეთი, ტრინიდადი და ტაბაგო) საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარდგება.
კონკურსანტებს შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაში არიან საოპერო ვარსკვლავები, მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები: ლეგენდარული მექსიკელი ტენორი ფრანსისკო არაისა; სააგენტო Atelier Musicale International პროდიუსერი და მენეჯერი ვირჯინიო ფედელი; TACT International Art Management დირექტორი ალექს გრიგორიევი; ციურიხის ოპერის თეატრის საოპერო დასის ხელმძღვანელი ანეტ ვებერი; გალინა ვიშნევსკაიას საოპერო ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მსტისლავ როსტროპოვიჩის ფონდის პრეზიდენტი ოლგა როსტროპოვიჩი; სააგენტოს Sono Artists დირექტორი სამანტა ფარბერი; ტურინის სამეფო თეატრის გენერალური დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი სებასტიან შვარცი; პარიზის ნაციონალური ოპერის აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი ქრისტიან შირმი. ჟიურის თავმჯდომარეა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე.
კონკურსი 1 ნოემბერს კენჭისყრით გაიხსნება. იგი სამი ტურისგან შედგება. კონკურსის I ტური, არსებული გლობალური პანდემიის გამო, ჩატარდა ონლაინ.
კონკურსის I I ტური 2 და 3 ნოემბერს გაიმართება.
დასკვნითი III ტური, ლაურეატების დაჯილდოება და კონკურსის საზეიმო დახურვა 5 ნოემბერს, 18:00 საათზე, გაიმართება.
ფინალისტები მაყურებლების წინაშე წარდგებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის თანხლებით. დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი.
კონკურსის საპრიზო ფონდი:
I პრემია – 10 000 აშშ დოლარი
II პრემია – 7 000 აშშ დოლარი
III პრემია – 5000 აშშ დოლარი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პრიზი – სპექტაკლში მონაწილეობა და ჰონორარი 2000 აშშ დოლარი.
კონკურსის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. თბილისის მერია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გერმანიის საელჩო საქართველოში, ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში, აჭარა ჯგუფი, სასტუმრო ,,იბის სთაილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კვირა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები