სტრიქონების გადაწერა „ვეფხისტყაოსნიდან“ – ღონისძიება სტამბოლში გაიმართა
24 ოქტომბერს სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრში ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებში ცენტრის წევრებმა შოთა რუსთაველის უკვდავი პოემიდან „ვეფხისტყაოსანი“ სტრიქონები ხელით გადაწერეს.
პროექტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის ინიციატივით ტარდება და ყველა მსურველს სთავაზობს მასში მონაწილეობას. შოთა რუსთაველის ცენტრის დამფუძნებელი თურქეთში ორჰან ბერიძეა-თურქეთში მცხოვრები მეოთხე თაობის ქართველი, მისი წინაპრები წლების წინ, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს გადასახლებულან აჭარიდან. მას შემდეგ თურქეთში მათი რამდენიმე თაობა გაიზარდა, თუმცა მათ არასდროს დაუკარგავთ ისტორიული სამშობლოსადმი სიყვარული, ქართული კულტურის პატივისცემა და ტრადიციები. დროში დაკარგულ ქართულ ენასაც თანდათან იბრუნებენ და ცდილობენ, არათუ არ გაწყვიტონ ძაფი სამშობლოსთან, ჯაჭვადაც აქციონ იგი.