ქართული ღვინის წარდგენა ნიუ-იორკში ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა
ქართულ რესტორანში „Chama Mama“ გამართულ ღონისძიებაზე, 10 ადგილობრივი იმპორტიორის მიერ წარმოდგენილი იყო 120 ქართული ღვინო, რომლებიც უკვე წარმატებით იყიდება აშშ-ის ბაზარზე. აქვე, პოტენციურ იმპორტიორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ 118 ღვინის ისეთ ნიმუშს, რომელსაც ამერიკელი მომხმარებელი ჯერ არ იცნობს.- – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის “Marq Energie Consulting” ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
„ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, დეგუსტაციები ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოშიც გაიმართა.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ექსპორტი ბოლო 7 წელია სტაბილურად მზარდია. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 807 ათასი ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18% შეადგინა.“ – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.