„ქართველი მოჭადრაკე ქალბატონები – ეროვნული გმირები“ ესპანური მედია ქართველ ქალ მოჭადრაკეებზე წერს

ესპანური გამოცემა „El PAIS“ ქართველ ქალ მოჭადრაკეებზე ვრცელ პუბლიკაციას აქვეყნებს, სადაც მიმოიხილავს ქართული ჭადრაკის ისტორიასა და ქალების როლს, მათ წარმატებებსა და გამორჩეულ ადგილს მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე, 2021 წელს მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს გუნდურ მერვე ჩემპიონატს, 26 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ესპანეთმა, კერძოდ კი კატალონიის ოლქის ზღვისპირა ქალაქ სიტჟესმა უმასპინძლა, სადაც საქართველოს ქალთა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 „ცოტაა ქვეყანა, სადაც ჭადრაკი ყველაზე პოპულარულ სპორტად ითვლება. და მხოლოდ საქართველოა ის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ჩემპიონი ქალბატონები მამაკაცების რიცხვს აღემატებიან და ეროვნულ გმირებად არიან აღიარებულნი. მართალია, საქართველოში ქალის ეროვნულად გმირად გამოცხადების ეს ტრადიცია, რითაც ეს ფენომენი აიხსნება, ჯერ კიდევ XI საუკუნეში იღებს სათავეს, მაგრამ ჭადრაკის ნამდვილ დედოფლად პირველი მსოფლიო ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი ითვლება, ცოცხალი ლეგენდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ სასამართლოში უჩივლა Netflix-სს სერიალ “ლაზიერის გამბიტში” გაჟღერებული მცდარი ინფორმაციისთვის მისი ბიოგრაფიის შესახებ.

როგორც მადრიდში (კოლიადო მედიანო) მცხოვრები, ქართველი მწვრთნელი ელიზბარ უბილავა აღნიშნავს, “ჭადრაკს, განსაკუთრებით ქალთა შორის, საქართველოში მრავალწლიანი ისტორია აქვს და ქვეყნის ეროვნული კულტურის განუყოფელ ნაწილს შეადგენს. ყოველივე ეს დიდ ერთობას ქმნის გუნდში, რომელიც გრძნობს მთელი ქვეყნის წინაშე საკუთარ პასუხისმგებლობას. გოგონები აქ საკმაოდ კარგად თამაშობენ, თუმცა უკანასკნელ მომენტში გამოგვეთიშა ჩვენი ჩემპიონი ბელა ხოტენაშვილი, რომელიც ბრწინვალე ფორმაში იმყოფება, მაგრამ შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემის გამო ჩემპიონატში ვერ მიიღო მონაწილეობა“

საგულისხმოა, რომ შუა საუკუნეების საქართველოში (ზოგიერთი წყაროს თანახმად XI საუკუნიდან) დამკვიდრებული იყო საქორწილო მზითევში ჭადრაკის დაფის გატანება.  XII – ე საუკუნეში საქართველოში მეფობდა  ქალი  – სახელად თამარი, რომლის მმართველობის პერიოდს საქართველოს ოქროს ხანას უწოდებენ. ქალთა ქართული ჭადრაკის ოქროს ხანა კი მეოცე საუკუნის სამოციანი წლებიდან იწყება და მოიცავს სამოცდაათიან და ოთხმოციან წლებსაც, მას შემდეგ რაც 1961 წელს 20 წლის ნონა გაფრინდაშვილი პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან გამარჯვების გვირგვინი 1978 წლამდე ატარა, სანამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მისმა თანამემამულემ მაია ჩიბურდანიძემ არ ჩამოართვა. მსოფლიო მოჭადრაკეების ათეულში სხვა ქართველი მოთამაშე ქალბატონებიც შედიოდნენ, კერძოდ ნანა ალექსანდრია და ნანა იოსელიანი. საბჭოთა შესარჩევ ტურნირებში მათი რიცხვი იმდენად ჭარბობდა, რომ იმ პერიოდში მოთამაშეების თითქმის 100% ქართული წარმოშობის იყო, რაც რუს ნაციონალისტ ბიუროკრატებს შორის დიდ გაღიზიანებას იწვევდა მოსკოვში.

”1978 წელს, როდესაც ბუენოს აირესში საჭადრაკო ოლიმპიადაზე მივემგზავრებოდით, თვითფრინავის აფრენამდე ერთი საათით ადრე საბჭოთა ფედერაციის ჩინოვნიკებმა ნანა იოსელიანი რუსი ეროვნების მოჭადრაკით შეცვალეს. რაც ერთდაერთი შემთხვევა არ ყოფილა “, იხსენებს ალექსანდრია. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, სოფიო ნიკოლაძე ამბობს, რომ „იმ დროს ახლად დაბადებულ გოგონებს ნონას, მაიას ან ნანას არქმევდნენ ჩვენი სასახელო მოჭადრაკეების საპატივცემოდ. … გადაჭარბებული ნათქვამი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ჭადრაკის თამაში ჩვენს სისხლშია“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები