ალექსანდრე მიქაბერიძე გილდერ ლემანის ინსტიტუტის პრემიის გამარჯვებულია

ქართველი იურისტი, მწერალი და ისტორიკოსი – ალექსანდრე მიქაბერიძე რომელიც სპეციალიზდება ნაპოლეონის კვლევებში, ამერიკის ისტორიის  გილდერ ლემანის ინსტიტუტის წლევანდელი პრემიის გამარჯვებულია – წიგნისთვის „ნაპოლეონის ომები: გლობალური ისტორია“ (Oxford University Press, 2020). პრემია სამხედრო ისტორიის სფეროში 2020 წელს გამოცემული საუკეთესო ინგლისურენოვანი წიგნისთვის გაიცემა.

ალექსანდრე მიქაბერიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.  სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები გიაირა ამერიკაში – ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. მას შემდეგ უკვე თითქმის ოცი წელია ამერიკაში მოღვაწეობს. არის ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ასევე  ასწავლიდა ფლორიდის და მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, აშშ-ს უმაღლეს სამხედრო საზღვაო კოლეჯში და სამხედრო აკადემიაში ვესტ-პოინტში.

ავტორია რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატიის და ოცზე მეტი წიგნისა. სხვადასხვა წლებში ორჯერ მოიპოვა ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების ლიტერატურული პრემია. მონაწილეობა მიიღო აშშ-ს სამხედრო აკადემიის (ვესტ პოინტის) ახალი სამხედრო ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნაში. გამარჯვებულის დაჯილდოებას, რომელიც მიმდინარე წლის  4 ნოემბერს გაიმართება ონლაინ რეჟიმში, ნიუ-იორკის საისტორიო საზოგადოება უმასპინძლებს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები