მწერალთა სახლში თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
17 ოქტომბერს მწერალთა სახლში თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი მწერალთა სახლის დირექტორმა ნატაშა ლომოურმა გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და UNESCO-ს პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ დირექტორის მოადგილე ნინო კიკნაძე.
შეგახსენებთ, რომ 17-24 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი (TIFL) უკვე მეექვსედ იმართება. ფესტივალი 2015 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ორგანიზატორი და მასპინძელი მწერალთა სახლია. წლევანდელი ფესტივალი კი UNESCO-ს პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ფარგლებში იმართება. წლევანდელი პროგრამის მთავარი თემაა ქალაქი, როგორც სიმბოლო რომელიც ამერიკელ პოეტსა და აქტივისტ ლორენს ფერლინგეტის უკავშირდება. მის შემოქმედებას ფესტივალის პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა.