კულტურის ცენტრში „მუზა“ თანამედროვე ქართული ქანდაკების ფორუმი მიმდინარეობს
თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ 2021 წლის 15 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, თანამედროვე ქართული ქანდაკების გამოფენა-ფორუმი მიმდინარეობს , გამოფენა მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნას ეძღვნება.
პროექტის „ქანდაკება კოვიდ 19 პანდემიის დროს, თანამედროვე ქანდაკების ფორუმი“ მიზანია – თანამედროვე ქართული ქანდაკების ხელშეწყობა და პანდემიის პირობებში, დარგში მოღვაწე ხელოვანების დახმარება. გამოფენის თემაა – პანდემიის დროს შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც წინასწარ გამოცხადებული კონკურსის გზით შეირჩა.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე 50 მოქანდაკე. ღონისძიების დასკვნით ნაწილში გამოვლინდება ათ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული 22 მონაწილე.ფორუმზე განხილული იქნება დარგში არსებული პრობლემები და განისაზღვრება ქანდაკების მომავალი განვითარებისთვის საჭირო ქმედებები. მოეწყობა სამეცნიერო დისკუსია ქართული ქანდაკების ისტორიისა და მიმდინარე პროცესების შესახებ. მოხდება პროექტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტების პრეზენტაცია. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც თეორეტიკოსები, ასევე თავად ხელოვანები.