ათენში ქართული დიასპორის დღეები გაიმართება
საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა, „ქართული დიასპორის დღეები ათენში“ 18-22 ნოემბერს გაიმართება.
პროექტი განკუთვნილია ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი მოზარდებისთვის, დიასპორული ორგანიზაციებისთვისა და დიასპორის წარმომადგენლებისთვის. პროექტის ორგანიზატორია ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრი, ხოლო პროექტს გენერალურ პარტნიორობას გაუწევენ: ათენის კულტურის ცენტრი „კავკასია“ და ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“.
კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია:
- ემიგრაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოზარდების მიერ შექმნილი კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა საქართველოს საელჩოში;
- „ქართული კულტურა და ევროპული ღირებულებები“ – ათენის ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტის ავთანდილ მიქაბერიძის და ელინისტის, თათია მთვარელიძის ლექცია-სემინარი;
- კალიგრაფიული მასტერკლასები;
- ათენის ღირშესანიშნაობების მიმოხილვითი ექსკურსიები;
- საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ ინიცირებული კონკურსის “მეცნიერება საზღვრებს გარეშე” გამარჯვებულების გამოვლენა და მონაწილეთა დაჯილდოება.
„ქართული დიასპორის დღეები ათენში“ – საერთაშორისო პროექტში აქტიურად არიან ჩართულები დიასპორული ორგანიზაციის და დიასპორის წარმომადგენლები ირლანდიიდან, საბერძნეთიდან, აშშ-დან, ჰოლანდიიდან და გერმანიიდან. პროექტი ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის პროგრამის“ მხარდაჭერით.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ან/და პროექტში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში – info@diaspora.edu.ge