11 ოქტომბერს პალიასტომის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულია
დღეს ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის (პალიასტომის) სასწაულთმოქმედი ხატის (XII ) დღესასწაულია.
ღვთისმშობელი წარმოდგენილია ყრმით, ხატი ფერწერისაა და შეჭედილია ვერცხლით. იგი შემკულია 123 თვალით და მარგალიტით, აქვს ორი წყვილი ოქროს საყურე. აკადემიკოსი გ. ჩუბინიშვილი მას მე-16 საუკუნით ათარიღებს. ხატის ქვედა არშიაზე მედალიონებს შორის შვიდ სტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომელიც ქარაგმების გახსნის შემდეგ ასე იკითხება:
“ქ. შენ ღრუბელსა მზგავს ნათლისასა ქუეყანათა ზედა მაერთესა, ტომებით. . . ლსა ადამისა დედასა ღმრთისასა, ძუელ ოდესმე მოსესგან მაყოლდ (სიც) მეორედ ხილულსა და შეუწველად დაცულსა ერონისსა სოფლისა განმანათლებელო შენ ცათა მობძავსა დედაქალაქისა ქუთაისისა ღმრთისმშობელო, ადიდე ორთავე შინა ცხოვრებასა მეფეთა მეფე გიორგი, ძე მათი ალექსანდრე, მე, ცვა ფარვათა თქვენთა მინდობილმან ქუთათელ მთავარეპისკოპოსმან ჩხეტიძემა ბასილი მოვაჭედინეთ ხატი ესე ყოვლად წმინდისა ღმრთისმშობლისა, პირველ მოჭედილი დაძველებულიყო და ჩუენ მეორედ განვაახლეთ. შეიწირე დედაო ღმრთისაო, მცირე ესე მსახურება ჩუენი და მეოხ გვექმენ მას დღესა განკითხვისა, ამინ, შეიქმნა ხატი ესე ხელითა რაფიელ მონაზონისათა ქრონიკონ”. . .
საინტერესოა მე-17 საუკუნის მოსკოველი ელჩების ა. იევლევისა და ტოლოჩანოვის აღწერილობანი. ა. იევლევი 1651 წელს ბაგრატის ტაძრის დათვალიერებისას ეხება რა ტაძარში წარმოდგენილ ღვთისმშობლის ხატს, წერს: “ამ ხატის შესახებ საკრებულო საყდრის ხუცესმა, მღვდელ-მონაზონმა გაბრიელმა და მისმა შვილებმა სეხნიამ და სიმონმა გვიამბეს: წინათ ეს ღვთისმშობლის ხატი გურიაში იმყოფებოდაო და ციხე-ქალაქ პალიასტომის საკრებულო ტაძარში იდგაო, იმ საყდრის მთავარუხუცესმა სილიბისტრომ იმ ხატის შთაგონებით ჩვენება იხილაო. სილიბისტრო, თვით გაბრიელ ხუცესმონაზონის შორეული წინაპარი და ნათესავი იყო. თითქოს, სიზმარში მას ღვთისმშობელმა უთხრა, რომ სილიბისტრო, მთავარი ხუცესი, საკრებულო ტაძარში შესულიყო და მისი ყოვლადწმინდა ხატი აეღო და იმ ციხე-ქალაქში პალიასტომიდან გამოეტანა, რადგან ციხე-ქალაქს წყალში ჩაძირვა მოელისო. მთავარხუცესმა სიზმარს არ დაუჯერაო. ამის შემდეგ ღვთისმშობელი მთავარხუცესს ორჯერ გამოეცხადაო და იგივე აუწყაო, რომ ციხე-ქალაქი ჩაიძირება და ხატი გამოიტანეო. მთავარხუცესმა არც ახლა დაიჯერა და არც სხვას გააგებინა ამის შესახებ რამეო. თვით მთავარხუცესი ციხე-ქალაქის გარეთ ცხოვრობდა, სხვა საყდრის მახლობლადო. და ღვთის ნება აღსრულდა ამ ციხე ქალაქზე და ხალხითურთ ჩაიძირა იგიო, ხოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ის ხატი ღვთის ბრძანებით იმ წარღვნისგან დაცულ იქნა, თავისუფლად უხილავად, ღვთის განგებით ციხე-ქალაქიდან ჰაერზე მოდიოდაო. და როცა მათმა ამ ნათესავმა, მთავარხუცმა ასეთი საოცარი და ენით გამოუთქმელი სასწაული იხილა, მოისმინა და დაეცა სასწაულებრივ ხატის წინაშე, ცრემლებით იწყო ვედრება მოწყალების მისაღებად და ცოდვების მისატევებლად და როცა მიუახლოვდა, შეეხო მისი უწმინდესობის ხატსო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჰაერიდან დაიძრა და მის ხელებში მიესვენაო. კიდევ გამოეცხადა სიზმარში მთავარხუცესს ღვთისმშობელი და ამ უწმინდეს გამოსახულებას ქუთაისის ციხე-ქალაქში გადასვენება უბრძანაო. იმ მთავარხუცესმა ღვთისმშობელის ის ხატი ქუთაისში მოასვენა და საკრებულო ტაძარში მოათავსაო. იმ დროიდან მოყოლებული აქობამდე, იმ ყოვლადწმინდა ხატის მახლობლად, მათი მოდგმა გამუდმებით ცხოვრობსო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის ის ხატი ქუთაისის ციხე-ქალაქში გიორგი მეფის დროს არის მოტანილიო, დავით მეფის შვილიშვილის დროსო” (ა. იევლევის 1650-1652 წწ იმერეთის სამეფოში ელჩობის საანგარიშო აღწერილობა. გამოც. ი. ცინცაძისა; 1968წ. გვ. 139)
ა. იევლევის ეს ცნობა უაღრესად საინტერესოა პალიასტომის ტბის შესახებ დაცული ლეგენდის შესასწავლად და, რა თქმა უნდა, იმ ხატის წარმომავლობის გასარკვევად, რომელთანაც დაკავშირებულია ა. იევლევის მიერ ჩაწერილი გადმოცემა. ყოველ შემთხვევაში, მე-17საუკუნეში, საქართველოში ამ გადმოცემას ქუთაისის საკათედრო ტაძარში დაცულ ღვთისმშობლის ხატს უკავშირებდნენ. ამასთან, ეს გადმოცემა იმდენად დამახასიათებელი ყოფილა ამ ხატისთვის, რომ ტაძრის მოსამსახურე პირებს მიზანშეწონილად ჩაუთვლიათ ეს თავგადასავალი გაეცნოთ უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებისთვის. ამ უკანასკნელთაც დიდი დაინტერესება გამოუჩენიათ და დაწვრილებით ჩაუწერიათ. ელჩი ამით არ დაკმაყოფილდა და გადმოცემის შინაარსის დადასტურებაც მოუწადინებია. ა. იევლევს ზაქარია მიტროპოლიტისთვის უკითხავს, მართალს ამბობენ თუ არა ხუცები ამ ხატის შესახებო? იმ ხატმა ასეთი სასწაული მართლა აჩვენა და გურიიდან პალიასტომის ციხე-ქალაქის ჩაძირვის შემდეგ ჰაერით გამოვიდა და თავისი უწმინდესი სახე ნამდვილად დაიცვა? ზაქარია მიტროპოლიტმა ა. იევლევს დაუდასტურა, რომ წიგნში ჭეშმარიტად ისეა მოთხრობილი სასწაულმოქმედების შესახებ, როგორც გიამბესო (იქვე გვ. 140). ჩვენ არ ვიცით, რომელ წიგნზე მიუთითებს ზაქარია ქვარიანი, მაგრამ ჩანს, ასეთი წიგნი მართლაც არსებობდა, რომელშიც მოთხრობილი იყო ‘ღვთისმშობლის” ხატის სასწაულმოქმედების შესახებ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ პალიასტომის ტბის გაჩენის შესახებ არა თუ მე-18 საუკუნეში ყოფილა პირველად ფიქსირებული ვახუშტი ბატონიშვილის მიერ, არამედ არც მოსკოველი ელჩი ა. იევლევი ჩაითვლება მის პირველ ჩამწერად, რომელიც 1651 წ. იყო ქუთაისში. ზაქარია ქვარიანის პასუხი იმაზე მიუთითებს, რომ გადმოცემა ადრე ყოფილა ჩაწერილი. ა. იევლევი წერს, რომ ხატი ქუთაისის ციხე-ქალაქში გიორგი მეფის დროს არის მოტანილი, დავით მეფის შვილიშვილის დროსო. ე.ი. გიორგი მესამის დროს (მე-12 ს.-ში), რომელიც დავით აღმაშენებლის შვილიშვილი იყო.
წყარო: ქუთაის-გაენათის ეპარქიის ოფიციალური ვებ-გვერდი