PianoForte Foundation-ში ქართველი პიანისტის სოლო კონცერტი გაიმართება
10 ოქტომბერს, ჩიკაგოს დროით დღის 15 საათზე PianoForte Foundation-ში ქართველი პიანისტის – ქეთევან ქართველიშვილის სოლო კონცერტი გაიმართება. პანდემიის გამო კონცერტი რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება. ასევე მსმენელს შესაძლებლობა ექნება გამოსვლა მოისმინოს ონლაინ. ქეთევან ქართველიშვილი თბილისის კონსერვატორიისა და ინდიანას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. 2009 წელს, ამერიკის პრესტიჟულ სასწავლებელში სრული დაფინანსებით გაემგზავრა და მას შემდეგ ოკეანის გადაღმა, აქტიურ საკონკურსო და საკონცერტო ცხოვრებას ეწევა. იქ სწავლის პერიოდში, მიიღო Artist და Performer დიპლომები.
ქეთევანს მოპოვებული აქვს არაერთი პრემია პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე (მათ შორის William C.Byrd Young Artists-ის ფორტეპიანოს საერთაშორისო კონკურსში, რასაც მოჰყვა გამარჯვებები სიეტლში, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ჩიკაგოში. ის იყო ნომინანტი როგორც ბარტოკის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი ლისტ-გარისონის საერთაშორისო კონკურსზე). ჰქონდა გამოსვლები როგორც სოლო, ისე სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად ამერიკის სხვადასხვა ქალაქებსა და შტატებში, ისეთ დარბაზებში, როგორიც არის „კარნეგი ჰოლი“, “Benaroya Hall”-ი და სხვა.