ვინ და როგორ დაეხმარა ემიგრანტებს პანდემიის პერიოდში – ინტერვიუ ინა ასანიძესთან
კორონავირუსის პანდემია განსაკუთრებით მძიმედ გადაიტანეს ემიგრანტებმა. 2020 წლის პირველ თვეებში უცხოეთში მყოფი ქართველების დიდი ნაწილი თავშესაფრის და ლუკმაპურის გარეშე დარჩა. დამსაქმებლები მათ სამსახურიდან და საცხოვრებელი ადგილებიდან უშვებდნენ. ათასობით ადამიანი ქუჩაში აღმოჩნდა.
მსოფლიოს ბოლოდროინდელი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც სახელად Covid-19-ის პანდემია ჰქვია, ქართველი ემიგრანტებისთვის აქტიურად 2020 წლის მარტში დაიწყო და რომ არა ქართული სათვისტომოების, სახელმწიფოსა და კერძო პირებისა თუ კომპანიების ერთობლივი თანამშრომლობა, შედეგი გაცილებით მძიმე იქნებოდა. მათ უამრავი ქართველი ემიგრანტი, პირდაპირ რომ ვთქვათ, სიკვდილს გადაარჩინეს.
-როგორ შეაფასებდით პანდემიის პერიოდში ემიგრანტების მდგომარეობას და რა სირთულეების წინაშე დადგა დიასპორა?
(ინა ასანიძე – დიასპორის სახლის ხელმძღვანელი) – 2020 წლის მარტიდან საშინელი მდგომარეობა შეიქმნა, განსაკუთრებით კი – ევროპაში: ჯერ იტალიაში, შემდეგ ესპანეთში და შემდეგ უკვე სხვა ქვეყნებშიც. ძალიან ხშირად მოგვმართავდნენ სხვადასხვა თხოვნით. ქართველებს, ძირითადად, გარეთ ყრიდნენ სასტუმროებიდან, სამსახურებიდან… პირობები გაუსაძლისი იყო… ჩვენ სასწრაფოდ შევქმენით იტალიაში კრიზისჯგუფი და იქ მყოფი ემიგრანტების დახმარება დავიწყეთ. საუბარია ასობით ადამიანზე. მათი დახმარების პროცესში იტალიიდან მოხალისეები შემოგვიერთდნენ. მათ გააკეთეს საშვები, რათა ღამით გადაადგილების უფლება ჰქონოდათ, ჩვენ კი, ამერიკიდან ვეხმარებოდით: ბინებს ვქირაობდით, ვყიდულობდით საჭირო პრეპარატებს და დაავადებულები კლინიკებში გადაგვყავდა.
მათ ჰოსპიტალიზაციაში ძალიან გვეხმარებოდა იტალიაში მცხოვრები ქართველი ექიმი მანანა შუბლაძე, რომელიც კოვიდიანებს ბინაზეც მკურნალობდა. მოხალისეებს: მანანა ჯინჭარაძეს, ირინა მაჭარაშვილს, თეა მეგრელიშვილს, ირმა კაპანაძეს, ნინო ბერიძესა და სხვებს ჩვენთან კომუნიკაცია 24-საათიან რეჟიმში ჰქონდათ. ისინი მიდიოდნენ ადგილზე და მიჰქონდათ საჭირო პროდუქტები და წამლები. ზოგიერთ ოჯახში თუ სასტუმროში 10-15 ქალი ულუკმაპუროდ იყო დარჩენილი. საშინელი სიტუაცია იყო.
ამავდროულად, პანდემია დაიწყო ესპანეთში. მაგალითად, ალიკანტეში, სადაც იმყოფება ჩვენი წარმომადგენელი, მანანა გოგოლაძე, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ოჯახები კარვებში ცხოვრობდნენ. ჩვენ ისინი ბინებში გადავიყვანეთ. მანანა თავისი სახსრებითა და ჩვენი დახმარებით ამარაგებდა მათ საჭირო პროდუქტით.
შემდეგ გვიერთდებოდა გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთი და ა.შ. მაგალითად, ჰოლანდიაში იყვნენ გოგონები, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად მუშაობდნენ. ასევე, ბელგიაში ემიგრანტებს დამოუკიდებლად ეხმარებოდა ანა ბალამწარაშვილი, რომელიც ერთ-ერთი დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. გერმანიაში, თამარ შალამბერიძის დახმარებით, ასობით ადამიანს ვუღებდით თვითმფრინავის ბილეთებს და საქართველოში ვაგზავნიდით. თამარს ზოგი სახლში მიჰყავდა.
-რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თქვენთვის სახელმწიფოს მხარდაჭერა?
– როგორც კი შემოვიდოდა ჯგუფში ინფორმაცია, რომ ვიღაც ქუჩაში დარჩა, ან პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაყვანა სჭირდება, ან თვითმფრინავის ბილეთს ვერ ვშოულობდით, ან დაფინანსების პრობლემა იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასეთ პრობლემებს ძალიან სწრაფად გვიგვარებდა.
აპრილის ბოლოს ამერიკაში კატასტროფა დაიწყო. ქართული დიასპორული ორგანიზაცია „თვისტომის” დამფუძნებელმა – ნიკოლოზ ჩხეიძემ, გოგა მამფორიამ, თეა კანდელაკმა, ელიზა აბელაშვილმა და მე ამერიკაში კრიზისცენტრი ჩამოვაყალიბეთ. ქართველი ემიგრანტების მეშვეობით, იქ სასწაულები მოვახდინეთ. საოცარი რამ შევძელით. ადამიანებს კლინიკებში არ იღებდნენ. პაციენტებს ვეძებდით, რადგან ვიცოდით, რომ კლინიკაში უპატრონოდ იყვნენ. უშუალოდ ნიკა ძალიან აქტიურად უწევდა მათ დახმარებას. თბილისიდან გვიკავშირდებოდნენ და გვატყობინებდნენ, რომ ესა და ეს ადამიანი ამა და ამ კლინიკაში იყო დახმარების გარეშე, უმძიმეს მდგომარეობაში.
ამავდროულად, იმ პერიოდში ძალიან გვეხმარებოდა ამერიკის საკონსულოდან ერთ-ერთი კონსული ეკა ნინუა.
– როგორი იყო კერძო სექტორის მხარდაჭერა და ჩართულობა ამ პროცესში?
– კერძო სექტორისგან საოცარი მხარდაჭერა გვქონდა. ქართველი ბიზნესმენები ბოლომდე გვერდით გვედგნენ. დახმარების მსურველ ადამიანებს ამერიკაში, ძმები ბოგდანოვების კაფე „თონეში“ მოჰქონდათ პირველადი მოხმარების პროდუქტები და იმ ადამიანებს, რომლებიც გარეთ ვერ გამოდიოდნენ, ქართველების დახმარებით, სახლში ვურიგებდით პროდუქტებსა და საჭირო პრეპარატებს. ამერიკაში ათასზე მეტი პაციენტი გვყავდა. სამწუხაროდ, მათგან სამი გარდაიცვალა, რადგან ძალიან გვიან მოგვმართეს.
დახმარების პროცესში ძალიან ბევრი ქართველი მოხალისე ჩაერთო: დიანა ბაგრატიონი, ლელა ჯინორია, რუსუდან გალდავა, ირმა რუბინო-კუტალაძე… ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ძალიან დიდი თანხები გადმორიცხეს და თანაც, ამას რეგულარულად აკეთებდნენ. მინდა, მამა გიორგი წერეთელზეც გითხრათ, რომელიც ავღანეთში ქართულ ჯარს ემსახურებოდა. ის ყოველ დილით გვლოცავდა და შემდეგ პაციენტებს უკავშირდებოდა, რომელთაც ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა. მათ გარდა, ძალიან ბევრმა სხვა მოხალისემ ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია და ამისთვის მინდა, თითოეულ მათგანს უდიდესი მადლობა გადავუხადო. ასევე, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ქველმოქმედსა და იმ ადამიანს, რომელიც კრიზის-ცენტრის ფუნქციონირებაში იყო ჩართული.
რაც მთავარია, აუცილებლად უნდა ვთქვათ იმ გმირი ქართველი ექიმების შესახებ, რომლებიც ჩვენს გვერდით იყვნენ და პაციენტებს 24 საათის განმავლობაში ეხმარებოდნენ: ეკა იაშვილი, ქეთი შავლიაშვილი, ნათია ფურცხვანიძე, ნინო ჩეხოშვილი, თამუნა ხვინგია, ეკა შერგელაშვილი, ნინო ქავთარაძე, ციური ქიტიაშვილი და სხვები, რომელთაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი.
ასევე, მინდა აღვნიშნო კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ მხარდაჭერა. 4 თვეზე მეტია, რაც საქართველოში ვარ. მთელი ამ დროის განმავლობაში, ბევრმა ემიგრანტმა დამირეკა, რომლის ოჯახის წევრიც საქართველოში კოვიდისგან უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ქვეყნის ფარგლებში, კლინიკიდან კლინიკაში მათ ტრანსპორტირებას სწორედ „მეტი დეველოპმენტი“ უზრუნველყოფდა.
ისინი ჩემი მეგობრები არიან და მათ მივმართე დასახმარებლად. მადლობა უფალს, რომ გავიცანი ბატონი პაპუნა ხაზალია, რომლის ინიციატივით, კომპანია „მეტი დეველოპმენტი“ დაარსების დღიდან, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ემიგრანტებს მხარადაჭერას, არა მხოლოდ სპეციალური პირობებითა და შეთავაზებებით, არამედ სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებებითა და აქციებით უცხადებს.
„მეტი დეველოპმენტი“ დიდი ხანია მჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ დიასპორასთან. რაც შეეხება კომპანიის მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ემიგრანტებისთვის შეთავაზებულ პირობებს, მე ძალიან მომწონს. ბინის შეძენა ემიგრანტებისთვის პირველადი შენატანის გარეშეა შესაძლებელი. პროექტების მიხედვით, ფასი და პირობები ძალიან მისაღებია, სამშენებლო ხარისხი კი – უმაღლესი სტანდარტის. მე პირადად შევიძინე ბინა „მეტი დეველოპმენტის“ ერთ-ერთ პროექტში. ჩემი სამი მეგობარი ასევე დაინტერესდა მოქნილი და მისაღები პირობებით.
ჩვენ მემორანდუმიც გავაფორმეთ და სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიურად ვაპირებ თანამშრომლობასა და მეგობრობას.