დაუვიწყარი „ხირხალა“ და 120 – მდე როლი ოზურგეთის თეატრში – ამირან ქადეიშვილი გარდაიცვალა

6 ოქტომბერს, დილით, ქართველი მსახიობი ამირან ქადეიშვილი გარდაიცვალა, ყველასათვის საყვარელი  პერსონაჟი „ხირხალა“ კინოფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“

მსახიობი წლების განმავლობაში  მოღვაწეობდა ალ.  წუწუნავას სახელობის  ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ  თეატრში,  სადაც 120 მდე მთავარი როლი აქვს ნათამაშევი, კინოში კი 30 -ზე მეტი როლი შესრულებული, მათგან აღსანიშნავია : ნიკოია (“სემირამიდას ბაღები”, ს. დოლიძე, 1970), კვეგვე ტარბა (“მთვარის მოტაცება”, თ. მელიავა, 1973), კურა-მუჰამედი (“ციმბირელი პაპა”, გ. კალატოზიშვილი, 1973), ჭოლა (“პირველი მერცხალი”, ნ. მჭედლიძე, 1975), ნიკო (“გაქცევა გათენებისას”, ს. დოლიძე, 1975), ხირხალა (“სიყვარული ყველას უნდა”, გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი უმცროსი, 1980), კობიძე (“სახლი ლესნაიაზე”, ნ. სანიშვილი, 1980), ერმილე მამალაძე (“მევლუდი”, ნ. სანიშვილი, 1985), მმართველი (“წინამორბედი”, ი. კვაჭაძე, 1988).

2012 წელს – მის მშობლიურ ოზურგეთის თეატრში ამირან ქადეიშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა, მაშინ მსახიობი ამბობდა: „მე არ ვარ კმაყოფილი ჩემი როლებით და სატრაბახოც არაფერი მაქვს. ვარსკვლავის გახსნა ალბათ, ჩემი შემოქმედების დაფასებაა. თითქოს თავიდან დავიბადე, ისეთი აღმაფრენა მქონდა. ჩემი სახელი რჩება საყვარელი თეატრის კიბეებზე. დიდი მსახიობი, მიხეილ ულიანოვი ამბობს: „მსახიობის ცხოვრება ტბაში შეცურებულ ნავს ჰგავს. უცებ გააპობს ტალღებს, ააქაფებს, გაივლის. წყნარდება ყველაფერი და ისიც ავიწყდება ყველას „… თეატრში ჩემმა ნათესავმა, ოზურგეთის თეატრის მსახიობმა ნიკოლოზ (კოკი) ღლონტმა წამიყვანა. მისი წყალობით მოვხვდი აქ 16 წლის ასაკში. სცენის მუშად გამამწესეს. თეატრში მოსვლიდან სამ თვეში სცენაზე „ავინაცვლე“. 18 წლისა გრიშა ლაღიძემ მათამაშა „დაჭრილ არწივში“ ერთ-ერთი მთავარი როლი – ყაჩაღი თაყა, ეს ერთ-ერთი საუკეთესო სახე იყო. სპექტაკლი თბილისში დეკადაზე ჩავიტანეთ და ოზურგეთის თეატრის ბილეთებს გადამყიდველები ყიდდენ. სპექტაკლის შემდეგ სცენაზე გიორგი შავგულიძე ამოვიდა. გადამეხვია და მითხრა, ყოჩაღ, ბიჭო, მეც მინდოდა მაგ გმირის თამაში და მეორე ყაჩაღის როლი მომცესო. ჩემთვის ეს უდიდესი აღმაფრენა იყო. ოზურგეთის თეატრში 120 მთავარი როლი ვითამაშე 40 წლის განმავლობაში. ყოველ თვეში პრემიერა იმართებოდა. გამოვარჩევდი 15-20 სახეს, რომლებსაც ახლაც კი სიამოვნებით გავიმეორებდი. ძალიან კარგი პარტნიორები მყავდა ოზურგეთის თეატრში. ვთამაშობდი ლამარა თურმანიძესთან ერთად, რომელსაც მეორე ვერიკოს ეძახდნენ; ევტროფი თალაკვაძე იმხელა დიაპაზონის მსახიობი იყო, რომ ხორავა, ვასაძე, ჟორჟოლიანი იჩოქებდნენ მის წინაშე. მას შეეძლო საღამოს ხევისბერი გოჩა ეთამაშა, დილით -ყვარყვარე. თეატრალური ინსტიტუტის ცნობილი პროფესორი ალექსანდრე მიქელაძე, რომელსაც ადვილად არავინ მოსწონდა, ამბობდა, რომ სულ ორი მსახიობია თანამედროვე მსოფლიოში მიხოელსი და თალაკვაძეო. წარმოიდგინეთ, მიხოელსი ხომ მეოცე საუკუნის უდიდესი მსახიობი იყო! ამხელა მსახიობებთან გავიზარდე. ჩემი სკოლა ეს იყო”.

„ხირხალა“ ჩემი საეტაპო პერსონაჟი გახდა. არადა, მაგაზე უკეთესი როლები მაქვს ნათამაშევი (მაგ., 1976 წელს  „იტალიამდე არც ისე შორია“). გიორგი შენგელაიამ რამდენიმე სინჯი გააკეთა და უკონკურსოდ დამამტკიცა. ასევე სინჯის გარეშე დამამტკიცა როლზე ნიკოლოზ სარიშვილმა „მოსფილმში“ გადაღებულ ფილმში („სახლი ლესნაიაზე„). „სიყვარული ყველას უნდა“ ხშირად გადის ქართულ არხებზე და მისი პოპულარობის ერთი მიზეზი ესეცაა. ჩემი კინოროლებიდან ყველაზე უფრო მომწონს ლ. ტოლსტიოს მიხედვით გადაღებული „კავკასიელი ტყვე“ (რეჟისორი გიორგი კალატოზიშვილი), რომელშიც მე და გივი ჩუგუაშვილი მთავარ როლებს ვთამაშობთ.“

ამირან ქადეიშვილი 2018 წელს  ხელოვნების ქურუმის წოდებით დაჯილდოვდა.

 

მასალაში გამოყენებულია ოზურგეთის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის -ლია კილაძის ინტერვიუები მსახიობ ამირან ქადეიშვილთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები