“სიკვდილი რა… აღარც მეშინოდა, ოღონდ ზედ ნუ გადამივლიდნენ, ტყვია მადლი იყო…”

ეს არის ფურცელზე, დღიურში შემორჩენილი ერთი ოჯახის და საქართველოს ისტორია.

„1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზებმა დაარღვიეს ხელშეკრულება. დაიწყეს ტყვარჩელის მხრიდან შემოტევა.

27 სექტემბერს სოხუმი აღებული იყო.

28 სექტემბერს იოსელიანის მხედრიონი იყო გულრიფშის სკოლაში და წავიდა სვანეთის მიმართულებით.

30 სექტემბერს ვალიკო მოვიდა და მითხრა, რომ 27 სექტემბერს რეზო ცანავა დახვრიტესო…“

ეს დღიური და წერილები იოსებ კოპალიანს ეკუთვნის.  აგუძერაში ჩარჩენილი იოსები ცდილობდა დღიურში აღეწერა რა ხდებოდა აფხაზეთში. მისი ოჯახის წევრებიც დაფანტულები იყვნენ და მათაც წერილებით ეკონტაქტებოდა.

ქალიშვილი ელდინო, რომელიც სხვა სახლში იმალებოდა, მამის წერილებს წერილებით პასუხობდა. სწორედ ამ ურთიერთობამ და კეთილმა ადამიანებმა გადაარჩინეს მაშინ ისინი.

ელდინო კოპალიანი – ჩვენ აგუძერაში ვცხოვრობდით, საიდანაც გემები გამოდიოდა და ლტოლვილები გამოყავდათ, იმ დღეებში დიდი იმედი იყო იმის, რომ ჩვენები არ დათმობდნენ ტერიტორიებს… გვეუბნებოდნენ, რომ სოხუმის აქეთ მაინც არ გადმოვუშვებთ, აგუძერას, გულრიფშს და ოჩამჩირეს ვერ შეეხებიან და დაცული იქნებითო. იმდენად მძიმე და წარმოუდგენელი იყო საკუთარი სახლის დატოვება, რომ ამ იმედს ვეპოტინებოდით… ჩვენ  სკოლის ეზოში ვცხოვრობდით, უზარმაზარი სკოლა იყო, სადაც 3000 ბავშვი სწავლობდა. იმ სკოლაში იყვნენ  მხედრიონელები დაბანაკებული, მათ  მამასთვის უთქვამთ, რომ თუ წასვლას გადავწყვეტთ გაგაგებინებთო და ჩვენ გამოგვყევითო.  ჩვენთვის დიდი იმედი იყო, რომ მხედრიონი გაგვიყვანდა, თუმცა ისე წავიდნენ, რომ ვერ გავიგეთ… თან დედა იმ სოფელში იყო წასული, სადაც ასწავლიდა და მას ვერ დავტოვებდით… მოკლედ დავრჩით ნოემბრამდე… საშინელება გადავიტანეთ… ქუჩაში მიცვალებულები ეყარა… ყველაზე საშინელი ის იყო, რომ  სახლები იწვებოდა და ამ სახლებში დაბმული ცხოველები დატოვა ხალხმა და მათი ღმუილი, ქათმების კრიახი ცას წვდებოდა…

მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მამას იმდენად არ ეთმობოდა იქაურობა, რომ ბოლოს, როცა კეთილი ადამიანების დახმარებით გამოვდიოდით, თვალცრემლიანი იდგა და მეუბნებოდა – სად მიგყავარ, შენ წადი, თავს უშველე, მე დამტოვეო და ღმერთს ევედრებოდა – ღმერთო გული გამიხეთქე, რომ აქ დავრჩე, ჩემს მიწაზე, ჩემს სახლშიო… მერე როცა გამოვედით ბევრჯერ გვინანია და გვიფიქრია იქნებ ჯობდა მოვეკალით და იქ დარჩენილიყავით…

როცა გაიგეთ, რომ სოხუმი დაეცა…

– შიშმა აგვიტანა, შიშმა იმისა, რომ შემოვიდოდნენ და არ ვიცოდით რა გველოდა. აფხაზები აკონტროლებდნენ ყველაფერს, გარეთ ვერ გახვიდოდი. როგორც იცით აფხაზეთში შერეული მოსახლეობა იყო და როცა რუსის მეზობელი იყო ჩვენთან ერთად აფხაზები იმდენს ვერ ბედავდნენ. იყო მომენტი, როცა მამა გაიყვანეს დასახვრეტად… ჩემზე მიდიოდა ნადირობა, მოდიოდნენ და მამის თვალწინ უნდოდათ ჩემი გაუპატიურება… ბევრჯერ გადავრჩით. თავშესაფარს რომ ვეძებდი, ბევრმა ოჯახმა უარი მითხრა, არ ვიცოდი სად წავსულიყავი, უკან რომ დავბრუნებულიყავი სიკვდილი ხელში მეჭირა, სიკვდილი რა… აღარც მეშინოდა, ოღონდ ზედ ნუ გადამივლიდნენ, ტყვია მადლი იყო…

წაგვართვეს პასპორტები… იცით, რუსის ბოევიკს, რომელიც აფხაზებთან ცხოვრობდა ისე შევეცოდე, რომ თავისი აფხაზი მამინაცვლის ოჯახში მიმიყვანა და შემიფარა, თუმცა აღმოჩნდა რომ ტყვე ვიყავი… იქ ყოველ წუთს ელოდებოდნენ ქართველების შემოსვლას და თვლიდნენ, რომ მათ მე გადამარჩინეს და მე მათ გადავარჩენდი… ნოემბრამდე დავრჩი იქ.

– ბოლოს როგორ შეძელით გამოსვლა?

– მათ ერთი არაჩვეულებრივი  მეზობელი ჰყავდათ – სვეტლანა რომანეცი, რომელიც  საბუთების გაკეთებაში მოგვეხმარა და 10 კილომეტრი იარა ჩემთან ერთად,  რომ მამა გამომეყვანა. და კიდევ ერთი პიროვნება მინდა გვიხსენო – გურამ ჯიოევი, რომელიც აფხაზების მხარეს იბრძოდა, მას ქართული განათლება ჰქონდა, სწორედ ის პატრონობდა მამას და მან მართლა გადაგვარჩინა, მან გამოგვიყვანა აფხაზეთიდან.

– დედა?

– დედა იმ სოფელში ჩარჩა, გავიგეთ, რომ ჩემი ძმა გამოვიდა და კარგად იყო, დედა ცხოვრობდა სახლში სადაც ორი მოხუცი, მამას დეიდა და ბიძა ცხოვრობდა, მათ უვლიდა, წამოსვლას რომ აპირებდნენ, სანამ წითელი ჯვარი გამოიყვანდა, სომხებს უთქვამთ აფხაზები მოდიან შემოწმებაზე და ქართველები ერთად დაიმალეთ, რომ არ გიპოვნონო და იქ ვინც იყო ქართველი დარჩენილი ერთ სახლში შევიდა, რომელსაც გარედან ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად ამოწვეს… ამაზე ახლა ძიება მიმდინარეობს, ჩვენ დნმ – ი ჩავაბარეთ, რომ იქნებ დედას ძვლები მაინც ვიპოვოთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები