„ჩვენში ცოდნას, წიგნსა, ყოველთვის სდებია დიდი წმინდა ევროპული პატივი“

იაკობ  გოგებაშვილი ― ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე იყო. ადამიანი, რომელმაც განუზომლად დიდი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში.

ეს არის ნაწყვეტი მისი 1883 წელს დაწერილი წერილიდან „ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში” (წერილი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში) რომელიც მიუხედავად იმისა რომ ასზე მეტი წლის  წინ დაიწერა დღემდე აქტუალურ და მნიშვნელოვან  საკითხებს მოიცავს..

“ჩვენში ახალი ნაბიჯი საზოგადო ასპარეზზედ ძალიან იშვიათი მოვლენაა. ჯეელი ამერიკა ყოველს სფერაში თვითეულ დღეს ახალს ნაბიჯს ადგამს წინა და მოძრაობს ორთქლ-მავალას სისწრაფით. ხნიერი ევროპა ყოველს წელს ცვლილობს ადგილსა წარმატების მოედანზედ და წინ მიისწრაფვის იორღა ცხენის სიჩქარით მაინცა. ჩვენი ცხოვრება კი ვერასოდეს ვერ მოგაგონებთ ვერც ორთქლ-მავალას, ვერც ბედაური ცხენის სისწრაფესა,კუს ნაბიჯით მოძრაობა-აი ალაბი, რომლითაც უნდა იზომებოდეს ჩვენის წარმატების სისწრაფე.მთელი ოცი და ორმოცი წელიწადი უნდა უცადოთ, რომ მოესწროთ რაიმე ნამდვილს ახალს ცდასა, საქმესა.

ამ სამწუხარო მოვლენას ადვილად ვერ გამოუძებნი მიზეზსა. ვიდრემდის კავკასიონის ქედი შეადგენდა ჩვენთვის გაუვალს საზღვარს, ვიდრემდის ევროპას ჩვენ სრულიად დაშორებულნი ვიყავით , მაშინ ბევრად, თუ ცოტად ევროპის სისწრაფით მივდიოდით წინა, როდესაც კი შინაური და გარეული არეულობა ცოტათი მაინც შეღავათს გვაძლევდა. ახლა კი სპარსეთსაც კრიჭა აქვს შეკრული, ოსმალეთიც ვეღარა გვწვდება, არც ქსნის ერისთავი აოხრებს არაგვის ერისთვის სამფლობელოსა, არც ლიპარიტ ორბელიანი ებრძვის ბაგრატ მეოთხესა , მაგრამ წარმატება კი ძალიან იშვიათი ხვედრია ჩვენი. როდესაც გარშემო სულ აზიით ვიყავით შემოზღუდულნი, ევროპიულ მხნეობას და ენერგიას არ ვიყავით მოკლებულნი, ახლა კი როცა აზიას ზურგი შევაქციეთ და ევროპას მივეკედლენით, ნამდვილი აზიური სიზანტე და მოძრაობა სენად გაგვჯდომია ძვალსა და რბილში.

ჩვენი წინაპარნი ხალხის განათლებას ყოველთვის დიდს მნიშვნელობას აძლევდნენ. რაწამ საქართველო გარეგანი ბარბაროსებისგან შეისვენებდა და სულს მოიბრუნებდა, მაშინვე სკოლების გამართვას, ცოდნის გავრცელებას შეუდგებოდნენ ხოლმე გულმოდგინედ. ჩვენში ცოდნას, წიგნსა, ყოველთვის სდებია დიდი წმინდა ევროპული პატივი. …

…ეხლა ჩვენ სრულიად მივიწყებას მივეცით ხალხის განათლება, ყოველივე ზრუნვა დავუტევეთ და სამოცი წლის განმავლობაში იოტის ოდენა ჩვენ თვითონ არაფერი გაგვიკეთებია ცოდნისა და სწავლის მოფენისათვის ჩვენს ერში. მხოლოდ ოცი წლის წინათ გამოვიფხიზლეთ, შევიგენით, რომ უმეცრებაში ყოფნა ხალხისა მომაკვდინებელი სენია და მოვკიდეთ ხელი ამ წმინდა საქმესა; მაგრამ როგორა? ქართულად, ჩვენებურად , ახლანდებურად, ესე იგი უენერგიოდ, ზანტად. …

…არა ერთხელ შემცირდა ნაყოფი სისტემატიურის ქადაგებისა და მოქმედებისა იმის გამო, რომ ზოგიერთმა ფეოდალებმა ყურში ჩასძახეს ის , რაც შეეფერებოდათ მხოლოდ კარიერის მონა-მოხელეებს და არა თავის ქვეყნის ერთგულ შვილებსა. სამღვდელოებამ უღალატა ხალხის განათლებას, თავად-აზნაურობაც მას არ ჩამორჩა გულ-გრილობაში…”

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები