ის არავის გავდა – საოცარი ვერა წიგნაძე

გამორჩეული რომანტიკული მღელვარება, მოძრაობის საოცარი სიმსუბუქე, ნახტომი – რომელიც არავისას გავდა, გამომსახველობითი საშუალებები, რომელიც მაყურებელს აჯადოებდა – ასეთი იყო ქართველი ლეგენდარული ბალერინა, ქართული ბალეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს სახალხო არტისტი, მრავალი სახელმწიფო პრემიის, საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი ვერა წიგნაძე. სახეები, რომელიც მან შექმნა დაუვიწყარია. ბაქოში დაბადებული და გაზრდილი (ქორეოგრაფიული განათლებაც იქ მიიღო, ცეკვაც იქ დაიწყო) პრიმა ბალერინა საქართველოში გახდა. 1946 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავეა და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – იყო ქართული ბალეტის ლეგენდის – ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი და შესაბამისად ყველა იმ რეფორმის აქტიური მონაწილე რაც ჭაბუკიანმა ქართულ ბალეტში დაამკვიდრა – უფრო სწორედ თვისობრივად ახალი ეპოქა შექმნა. მთელი ცხოვრება უერთგულა ჭაბუკიანს და ღირსეული პარტნიორობა გაუწია სცენაზე. გასტროლებისას კრიტიკოსები ერთხმად აღნიშნავდნენ მის ჰაეროვნებას, ნიჭიერებასა და იდუმალებას.  სიცოცხლის ბოლო წლებში  ვერა წიგნაძე – ვახტანგ ჭაბუკიანის დეზდემონა იხსენებდა: „ოტელო“ ჭაბუკიანის სული იყო, ეს იყო მწვერვალი საბალეტო ხელოვნებასა და ვახტანგის შემოქმედებაში… ეს სასწაული, ნამდვილი ზეიმი გახლდათ. არ მახსოვს, ვინმეს „ოტელო“ გაეკრიტიკებინოს. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ეს შედევრია“

ვერა წიგნაძის შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ჟიზელი (ადანის „ჟიზელი“), ლაურენსია (კრეინის „ლაურენსია“), ოდეტა-ოდილია (ჩაიკოვსკის „გედების ტბა“), ნიკია (მინკუსის „ბაიადერა“), ავრორა (ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავი“), ტაო-ხოა (გლიერის „წითელი ყაყაჩო“).

ვერა წიგნაძე ზაქარია  ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღშია დაკრძალული, იქ, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა და ალბათ ყველაზე მეტად უყვარდა ყოფნა. 24 სექტემბერი ვერა წიგნაძის დაბადების დღეა, ქართული ბალეტის ლეგენდა 97 წლის გახდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები