მწვანე რეცეპტის ლეგენდა – განუმეორებელი ქართველი ექიმის ისტორია

პლატონ გიგინეიშვილი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯურუყვეთში 1879 წელს დაიბადა. ის იყო უნიკალური ექიმი და ადამიანი, რომელზეც დღემდე ლეგენდებს ჰყვებიან. განუმეორებელი ბათუმელი ექიმი ცნობილი იყო ავადმყოფებზე განსაკუთრებული ზრუნვით – ექიმი პლატონი რეცეპტს ორ ფურცელზე წერდა – მწვანე ქაღალდზე ღარიბთათვის – თვის ბოლოს ჩამოივლიდა აფთიაქებს და მწვანე რეცეპტების ფულს თავად იხდიდა – ის სამუდამოდ დარჩა ადამიანთა გულებში. პლატონ გიგინეიშვილი აჭარის ექიმთა საზოგადოების თავმჯდომარე და ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი იყო, არაჩვეულებრივად უკრავდა პიანინოზე…

შოთა გუჯაბიძე წიგნში „ბათომი“ წერს: „ერთხელაც პლატონმა ფაიტონით ჩაიარა პარკთან, კულტურის და დასვენების პარკი ერქვა მაშინ. კარვები იყო გაშლილი ტბის პირას. რაღაც უცნაური ხმა მოესმა. ფაიტონი გააჩერებინა და მიაყურადა. ტირილის ხმა იყო. მიჰყვა ხმას და ერთ კარავში მომაკვდავ ახალგაზრდა ქალს დასტიროდა მეორე ახალგაზრდა ქალი. დები აღმოჩნდნენ ცოცხალიც და ცოცხალ-მკვდარიც. მსახიობები ყოფილან დაბანაკებულები და ერთი ძალიან ცუდად გამხდარა მოულოდნელად. გასინჯა პლატონმა. ავადმყოფს ძალიან მაღალი სიცხე ჰქონდა და გონებაც დაეკარგა. აშკარად ტიფის სიმპტომები იყო სახეზე. ფაიტონში ჩაისვა ავადმყოფი და მისი და და სახლში წაიყვანა სასწრაფოდ. ინფექციური ავადმყოფის სახლში მიყვანა პატარა რისკი არ იყო, როცა ტიფი სიკვდილს უდრიდა იმ დროს.

რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ დები პლატონისას. პაციენტი გადარჩა და აღმოჩნდა ვერიკო ანჯაფარიძე, მისი და კი მერი ანჯაფარიძე, გიორგი დანელიას დედა. მერე პლატონსაც შეეყარა ტიფი, ტიფთან მებრძოლი საზოგადოების თავმჯდომარეს და ისიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს”

ყვებიან კიდევ ერთ ამბავს – როდესაც ექიმი პლატონი თავად ავადმყოფობამ დააუძლურა, უამრავი ადამიანი უთევდა ღამეს და მადლიერმა მოქალაქეებმა ქუჩაზე თივა დააფინეს – რომ მომაკვდავი ქუჩის ხმაურისაგან დაეცვათ. პლატონ ექიმი 1949 წელს გარდაიცვალა, მას შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ ბათუმის ერთ ერთ ქუჩაზე ჩავლისას, სადაც ცნობილი ექიმი ცხოვრობდა და რომელსაც პლატონ გიგინეიშვილის მემორიალური დაფა ამშვენებს უამრავ ადამიანს ახსენდება მწვანე რეცეპტის ფურცლები და სიკეთე – რომელიც მარადიულია.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები