იტალიის აგროსამრეწველო გამოფენაში რვა ქართული კომპანია მონაწილეობდა
იტალიის ქალაქ რიმინიში გამართულ აგროსამრეწველო გამოფენაში, რვა ქართული კომპანია მონაწილეობდა, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: „ქარელი ფრუტს“ (ჩიკორი), „ჯორჯიას ნეიჩერალ“, „ლურჯი ველი“, „აგროლეინი“, „ნათს ჯი“, „კავკასუს ორგანიქ ფრუტს“, „ავგუსტ ფრუტ ფაქთორი“ და „ჯეო ორგანიქი“ ხილის და ბოსტნეულის ქართული პროდუქცია.
საერთაშორისო აგროგამოფენის „მაკფრუტ 2021“ ფარგლებში, ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები იტალიურ კომპანიებთან და საერთაშორისო ბიზნესასოციაციებთან გამართეს.
„ქართული აგროსასურსათო პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე პოპულარიზაციისთვის საერთაშორისო აგროგამოფენებში მონაწილეობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია; შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულებით და ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი პროდუქციის ცნობადობის გაზრდა უზრუნველყონ.“ – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.