მესტიაში საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება
დღეს მესტიაში მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მერაბ კოკოჩაშვილის მთის თემატიკის ფილმით „მწვერვალი“ გაიხსნება. ფილმი კინოსტუდიამ „ქართული ფილმი“ ეროვნული კინოცენტრის ხელშეწყობით აღადგინა. ფესტივალის ფარგლებში 23 მოკლემეტრაჟიან და 7 მთის თემატიკის ფილმს მაყურებელი სხვადასხვა სექციებში იხილავს.
საერთაშორისო ჟიურის წევრები – ნანა ჯორჯაძე, ბარბარა გასერი , (ოქროს გლობუსის ჟიურის წევრი) ზვიად დოლიძე, ემილის ველივისი საუკეთესო ფილმებთან ერთად გამარჯვებულებს კინომუსიკისა და კინომხატვრობის ნომინაციაში გამოავლენენ, პრიზების დიზაინი და შინაარსი მთლიანად სვანეთის ისტორიასა და ბუნებაზეა აგებული. ფესტივალი დაიხურება გიორგი მრევლიშვილის ფილმით „საქართველოს დაკარგული ხეობები“, რომელშიც მაყურებელი 20 -იანი წლების ამერიკელი მოგზაურის მიერ აღბეჭდილ კადრებს იხილავს.
შეგახსენებთ, რომ მესტიაში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 19 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. კავკასიაში ეს მსგავსი თემატიკის პირველი ფესტივალია.