13 სექტემბერი გრიგოლ ფერაძის დაბადების დღეა

„მოქალაქეობა არის მსხვერპლის გაღება. თვისი საკუთარი თავის დაწვა სხვისთვის გასანათლებლად”
ადამიანი – რომლის ღვაწლი  სამშობლოს  წინაშე  ფასდაუდებელია. პატრიოტიზმის,სიკეთის, სიყვარულის, ადამიანობისა და ქრისტიანობის მაგალითი.დღეს ჩვენ ვამაყობთ ამ სახელითა და გვარით, მაგრამ იყო დრო ( და დიდი ხნის განმავლობაში იყო ეს დრო)  როდესაც ამ ადამიანის შესახებ, მისი  დიდებული საქმეების შესახებ საუბარი არ შეიძლებოდა, საბჭოთა წყობილებისათვის მისი მსგავსნი უბრალოდ მიუღებლები იყვნენ.

მას გრიგოლ ფერაძე ერქვა, დღეს მის შესახებ საუბრობს არა მხოლოდ საქართველო. პოლონეთში მისი სახელობის ტაძარია, მისი სახელობის საზოგადოება, გერმანიაში, ქალაქ ვიტენბერგის უნივერსიტეტში მისი სახელობის კაბინეტი მოქმედებს. გრიგოლ  ფერაძე თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იყო, ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხილი. გრიგოლ ფერაძე საქართველოს ეროვნული გმირია. “ჩემი წინაპრები მწყემსები იყვნენ, შემდეგ კი ადამიანების სულის მწყემსებად იქცნენ“ მღვდელი იყო მისი მამაც, თავადაც სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. როგორც საუკეთესო მოსწავლე გერმანიაში,ბერლინის უნივერსტეტში თეოლოგიისა და აღმოსავლური ენების შესასწავლად გაამგზავრეს, შემდეგ კი ბონის უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე გადავიდა და ნაშრომისათვის, რომელიც საქართველოს მონატრებას შეეხებოდა, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. მოკლე ხანში მან 13–ზე მეტი ენა ისწავლა, მათ შორის ძველებრაული, ძველბერძნული, სირიული, არაბული, კოპტური, ძველსომხური, ლათინური, ინგლისური და ფრანგული ენები. ასევე გერმანული, რუსული და ძველსლავური. აქვე იწყება მისი სამეცნიერო მუშაობა. იწყებს ლექციების კითხვას და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეძებს და იკვლევს ქართულ ხელნაწერებს, ფიქრობს შორეულ, ბოლშევიკების მარწუხებში მყოფ სამშობლოზე..საკუთარი სახსრებით აწარმოებდა სამეცნიერო კვლევებს იერუსალიმში, რუმინეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში, ავსტრიასა და პალესტინაში და სულ ფიქრობდა რომ მოვა დრო და..დაუბრუნდება მონატრებულ სამშობლოს.

1929 წელს ლონდონის ბერძნულ ეკლესიაში ბერად აღიკვეცა- ამის შემდეგ იწყება სრულიად ახალი ეტაპი გრიგოლ ფერაძის ცხოვრებაში – პარიზში აარსებს პირველ ქართულ ეკლესიას ქვეყნის საზღვრებს გარეთ და წინამძღვარი თავადაა – გამოსცა ქართული ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“ და დაუღალავად ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს, 70-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია, შრომებისა, რომლებიც დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერებისათვის. ევროპაში ძალიან ცნობილი მეცნიერი, მოძღვარი, მაინც სულ სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრობდა „საშინლად ვიტანჯები, არაფრის ხალისი არ მაქვს, თუმცა ნივთიერად სრულიად უზრუნველყოფილი ვარ. რისთვის ვიტანჯე ამდენი ხანი, რისთვის ვისწავლე, რისთვის მოვიარე თითქმის მთელი ევროპა? რატომ არ მიშვებენ სახლში?” ღვთისმეტყველი მეცნიერი საბჭოთა წყობილებისათვის მიუღებელი იყო. 1933 წელს, პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის – დიონისე ვალედინელის მიწვევით, გრიგოლ ფერაძე  ვარშავის უნივერსიტეტის მართლმადიდებელი თეოლოგიის ფაკულტეტზე პროფესორი გახდა, პოლონეთი მის მეორე სამშობლოდ იქცა, იყო სრულიად განსაკუთრებული პედაგოგი, განუმეორებელი მეცნიერი და ადამიანების სულის მკურნალი. მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მალევე, როდესაც ფაშისტებმა პოლონეთის ოკუპაცია მოახდინეს მამა გრიგოლმა ერთი წამითაც არ იფიქრა პოლონეთის დატოვებაზე, არადა შეეძლო ბერლინში დაბრუნება – მისი ცხოვრება მაგალითია ქრისტიანობისა და კაცთმოყვარეობისა…ის მფარველობდა ებრაელების ოჯახებს და ბოლომდე გვერდში ედგა მათ..

ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად დიდი ღვაწლი გასწია გრიგოლ ფერაძემ ქართული განძის შესანარჩუნებლად, მან დაარწმუნა გერმანელები რომ ეს განძი არაფერი ღირებული არ იყო და მხოლოდ ქართველი ხალხისათვის ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა, ასე გადარჩა საქართველოს ეროვნული სიმდიდრე.

აღსასრულიც მოწამოებრივი ჰქონდა..გერმანელების მიერ ოსვენციმის ბანაკში გამოკეტილი გრიგოლ ფერაძე დაპატიმრებიდან სამი თვის შემდეგ მოწამეობრივად აღესრულა – სხვა პატიმრის სასჯელი აიღო თავის თავზე და მის ნაცვლად შევიდა გაზის საკანში.

„მოქალაქეობა არის ბრძოლა თავის წრესთან, თავის თავთან. მოქალაქეობა მოითხოვს შეგნებას, პატიოსნებას, ფიქრს, მხნეობას, ჭკუას; მოქალაქეობა მოითხოვს ნათლიანთვალით საგნების დანახვას, წინდახედულებას, აუჩქარებლობას, სიმდაბლეს, რომელიც არაა მონის მაჩვენებელი, არამედ განათლებულ ადამიანის, სხვის აზრის გაგონებას და ადამიანში ადამიანის ძებნას და დაფასებას… მოქალაქეობა არის მსხვერპლის გაღება. თვისი საკუთარი თავის დაწვა სხვისთვის გასანათლებლად”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები