„უახლოვდება ეტლი წიწამურს ..“

12 სექტემბერი- დღე, როდესაც მოკლეს ილია.

ილია ჭავჭავაძე- საზოგადო მოღვაწე, ადამიანი, რომლის როლი სრულიად განსაკუთრებული და უნიკალურია საქართველოს ისტორიაში. ილია 1861—1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი იყო, მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი.  მის მიერ გამოცემული გაზეთები „საქართველოს მოამბე“ და „ივერია“, სათავადაზნაურო –საადგილმამულო ბანკი , ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, არაერთი ქართული სკოლა, მუდმივმოქმედი ქართული თეატრის დაარსება ეს ყველაფერი უპირველეს ყოვლისა იყო  მისი დიდი სურვილი- საქართველო გათავისუფლებულიყო რუსეთის კლანჭებისაგან  და დაახლოვებოდა ევროპულ იდეალებს.

მის ნაწარმოებებში  – რომელიც დღეს ქართული ლიტერატურის განძია ასახულია ბრძოლა ფეოდალური ღირებულებების წინააღმდეგ. ბრძოლა ეროვნული გამოფხიზლებისათვის, ბრძოლა ეროვნული იდეებისათვის.

ეს კი ამონარიდები დიდი ილიას პუბლიცისტური წერილებიდან :

„ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუნშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან და შიგ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის. რა გითხრათ? რით  გაგახაროთ?“

„მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა“

„ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია“

„გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი“

„ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა“

„ერთი მითხარით, რა არ მოუცია ღმერთს ჩვენის ბედნიერებისათვის? ყოველისფერი უხვად გვაქვს, მხოლოდ არა გვაქვს ურთიერთშორისი განწყობილება… „

„რა არ გარდაგვხედია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაივაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევირჩინეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვაბანავეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილ-შვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით, აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით, მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველობისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ, არავის დავანებეთ, არავის შევაგინებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭრას?… დრო-ჟამი ამას გვიქადის“

კიდევ ბევრი რამის კეთება შეეძლო თავისი ქვეყნისათვის კაცს, რომელიც საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ  წმინდანად იქნა შერაცხილი და  ილია მართალი ეწოდა…მაგრამ იმ ავბედით დღეს – 1907 წლის 12 სექტემბერს როდესაც ეტლი წიწამურს მიუახლოვდა ილია მოკლეს  და სწორედ მაშინ… „წიწამურთან რომ მოჰკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი „

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები