პიცის საუკეთესო მცხობელი იტალიაში ქართველი ემიგრანტია – ნახეთ ვიდეობლოგში ვალერი სახიაშვილის ისტორია. ქართველი პიცაიოლო, რომელიც იტალიელ მზარეულებს ეროვნულ კონკურსებს უგებს და ადგილობრივებს პიცის ცხობას ასწავლის.
ვალერი 16 წელია ემიგრანტია. 14 წლის იყო, იტალიაში დედასთან რომ გაემგზავრა და რომთან ახლოს, პატარა ქალაქში დასახლდა. მიზანი, შეესწავლა კულინარია და დაეკავებინა საკუთარი ადგილი აღნიშნულ სფეროში, ნაბიჯ-ნაბიჯ აისრულა. ამ პერიოდის მანძილზე, ვალერიმ უამრავ წარმატებას მიაღწია და არაერთი პრესტიჟული კონკურსი მოიგო. ცოტა ხნის წინ, იტალიელ მზარეულებს კიდევ ერთხელ აჯობა და რომში პიცის ნაციონალური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მას რომთან ახლოს აქვს საკუთარი პიცერია, ასევე პიცის საკუთარი ნაციონალური სკოლა, სადაც მომავალ პიცის ოსტატებს ამზადებს. ასწავლის უნივერსიტეტის კულინარიის სკოლაშიც, შესულია იუნესკოს არამატერიალურ მემკვიდრეობად იტალიური პიცის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამოცემულ წიგნში, სადაც მთელი მსოფლიოდან პიცის საუკეთესო ოსტატები არიან თავმოყრილნი.
ვალერი ,,ქართულ კვირას“ თავის პიცერიაში მასპინძლობს და ნამდვილი იტალიური პიცის შესახებ გამოცდილებასაც გვიზიარებს.
,,ჩემი ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩემი ქვეყნის წინსვლად მიმაჩნია. ყოველი გამარჯვების დროს, საქართველოს სიამაყით ვაცნობ უცხოელებს. მაქვს საკუთარი პიცერია, ასევე ვთანამშრომლობ სხვადასხვა რესტორნებთან, დღეს უკვე ვასწავლი კულინარიულ სკოლაში და მომავალ ოსტატებს ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას. არასდროს ვჩერდები, ოცდაოთხი საათი მოძრაობაში ვარ…“ – ამბობს ინტერვიუში ვალერი.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"